გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმე — ბრალდებულის ყოფილი დაცვის თანამშრომელი დაიკითხა. პროკურორის განცხადებით, მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ბრალდების პოზიციას კიდევ უფრო ამყარებს.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, საქმის პროკურორმა განმარტა, დაცვის მხარის მცდელობა, მოწმის მეშვეობით გამოერიცხათ კორუფციული გარიგება გრიგოლ ლილუაშვილსა და რომეო მიქაუტაძეს შორის, უშედეგო აღმოჩნდა, რადგან დაცვის თანამშრომელს მსგავს ფაქტებზე ცნობა ვერ ექნებოდა.
„დაცვის მხარემ სასამართლოში მოიყვანა დაცვის თანამშრომელი, რომელიც იმ დროისთვის იცავდა ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილს. ამ მოწმის მოყვანის არსი ის იყო, რომ მას სასამართლოს წინაშე ეთქვა, რომ გამორიცხავს რაიმე სახის შემხებლობასა და კორუფციულ გარიგებას გრიგოლ ლილუაშვილსა და რომეო მიქაუტაძეს შორის. ბუნებრივია, დაცვის თანამშრომელი ამაზე ვერ ისაუბრებდა. გრიგოლ ლილუაშვილი არ გააკეთებდა არაფერს იმ ფორმით, რომ დაცვის თანამშრომლებისათვის ცხადი და ცნობილი ყოფილიყო, ვისთან რა სახის კორუფციულ გარიგებაში შედიოდა“, — განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, დაკითხვისას მოწმემ დაადასტურა ანდრია ლილუაშვილის სუს-ის შენობაში ყოფნის ფაქტი, რასაც მხარეები მანამდე უარყოფდნენ.
„მე ვკითხე მოწმეს, ანდრია ლილუაშვილი თუ ჰყავდა ნანახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში — მოწმემ დაადასტურა, რომ ის ნანახი ჰყავს ამ შენობაში. მანვე დაადასტურა, რომ ვიპ-ზონიდან, ანუ იქიდან, საიდანაც შემოწმების გარეშე ხდებოდა ვიზიტორების შემოსვლა, ამ ფორმითაც ჰყავთ ანდრია ლილუაშვილი აყვანილი გრიგოლ ლილუაშვილთან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პირები, რომლებიც მასთან მიდიოდნენ, შესაძლოა ასულიყვნენ საშვისა და ჩხრეკის გარეშე, რაც სრულად იყო დამოკიდებული გრიგოლ ლილუაშვილზე“, — აღნიშნა პროკურორმა.
რაც შეეხება რომეო მიქაუტაძისა და გრიგოლ ლილუაშვილის კომუნიკაციას, პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარეს საქმეში უტყუარი მტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი.
„რაც შეეხება იმას, რომეო მიქაუტაძე ნამყოფია თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ჩვენ დავკითხეთ დაცვის წევრი, რომელმაც დაადასტურა, რომ რომეო მიქაუტაძე იმავე სართულზე ნამდვილად ნანახი ჰყავს. გარდა ამისა, ბრალდების მხარეს გამოთხოვილი აქვს მობილური ოპერატორებიდან შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს გრიგოლ ლილუაშვილისა და რომეო მიქაუტაძის ერთსა და იმავე ლოკაციაზე, ერთსა და იმავე პერიოდში ყოფნას და ეს ლოკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაა“, — განაცხადა საქმის პროკურორმა.
















