პროკურორი – არის მყარი მტკიცებულებები, რომ პირადად სააკაშვილთან შეთანხმებით და მისი ინიცირებით მოხდა ყველა სადამსჯელო ღონისძიება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, 7 ნოემბერს, აქციის დარბევისას სააკაშვილს უწყვეტი სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან.

პროკურორის თქმითვე, ყოფილ პრეზიდენტს სატელეფონო კავშირი სხვა მაღალჩინოსნებთანაც ჰქონდა. ამასთან, წიკლაური აცხადებს, რომ მყარი მტკიცებულებებით დასტურდება ის ფაქტიც, რომ 7 ნოემბერს, პირადად სააკაშვილთან შეთანხმებით მოხდა ყველა სადამსჯელო ღონისძიება.

„მთელი დღის მანძილზე, 7 ნოემბერს, როცა ეს სადამსჯელო ღონისძიება ტარდებოდა, მიხეილ სააკაშვილს უწყვეტად, სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა, როგორც ვანო მერაბიშვილთან, ისე სხვა ძალოვნებთან. ის უწყვეტად იყო საქმის კურსში და თუ მან არაფერი იცოდა, „იმედის“ დარბევა მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში იხილა და როგორ შეიძლება ვინმემ ამტკიცოს, რომ არაფერი იცოდა და არაფერი დაგეგმილა.

ათეულობით სატელეფონო კომუნიკაციაა განხორციელებული, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მყარი მტკიცებულებები, რომ პირადად სააკაშვილთან შეთანხმებით და მისი ინიცირებით მოხდა ყველა სადამსჯელო ღონისძიება, რასაც ადგილი ჰქონდა 7 ნოემბერს. ყველა ეს მტკიცებულება საქმეშია, მათ შორის, ძალადობის ვიდეოკადრებია საქმეში და როცა პასუხებს ველოდებით, ჯანმრთელობის მომიზეზებით ბრალდებული სააკაშვილი მონაწილეობას არ იღებს განხილვაში.

როცა ძალადობის კადრებს ვუყურებთ, როგორ არბევენ მოსახლეობას, ადვოკატები იმასაც ამბობენ, რომ აქ დანაშაული არ არის. ადვოკატები თეთრზე შავს გვიმტკიცებენ, ფაქტი სხვა არის. მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა ძალადობის ორგანიზატორები მათზე დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის. დაჯილდოვების საფუძველი პირდაპირ წერია დოკუმენტებში, რომ ძალოვანების კონკრეტულ ხელმძღვანელებს შესწევთ უნარი დარაზმონ პირადი შემადგენლობა დავალების შესასრულებლად, დავალება რაც იყო, დღეს ვიხილეთ კადრებში – მშვიდობიანი მოსახლეობის ცემა ხელკეტებით.

დაცვის მხარე რომ მიუთითებს, დანაშაული არ დასტურდებაო, რას ელოდებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელკეტით ვიხილავდით ვიდეოკადრებში? მიხეილ სააკაშვილი იყო უმაღლესი თანამდებობის პირი, მისი დავალება სადამსჯელო ღონისძიებაზე შეასრულეს სამართალდამცავებმა და ეს ჩანს კადრებზე. დაცვის მხარე კი ამბობს ერთს, მაგრამ ფაქტია მეორე, რომ 7 ნოემბერს ჩადენილია უმძიმესი, სისტემური დანაშაული და დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს“, – განაცხადა წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია – “ქართული ოცნების” პირობებში არ არსებობს ილუზია, რომ დასავლეთთან კონსოლიდაციას მოვახდენთ
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა