პროკურორი – არ მიგვიმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის, პირიქით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსური აქტივობების შესახებ​

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხეს.

როგორც პროკურორმა გიორგი მიქავამ განაცხადა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის – პირიქით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ბრალდებულების ფინანსური აქტივობების შესახებ.

„ფულის გათეთრებაში ბრალდებული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკვე მერამდენედ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია. პირველ რიგში, განვმარტავ, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის – პირიქით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ბრალდებულების ფინანსური აქტივობების შესახებ. ანუ, აღნიშნული კომუნიკაცია შედგა ბრიტანული მხარის ინიციატივით და დამერწმუნებით, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილად არის ის უმაღლესი სტანდარტი, სადაც მარტივად გაირჩევა კრიმინალური საქმეები პოლიტიკური დევნისგან“, – აცხადებს პროკურორი.

გიორგი მიქავა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადების კიდევ ერთ თემას ეხმიანება.

„რაც შეეხება განცხადებაში მოყვანილ კიდევ ერთ ცრუ გარემოებას, თითქოს და ეს კომუნიკაცია შედგა ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ეს არის კლასიკური მაგალითი ყალბი ამბის გავრცელების.

რეალურად, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ იმ კონვენციის დასახელებიდან, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებს შორის და რომელსაც ეწოდება „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავლის გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ – ამოგლიჯეს დასახელებიდან ერთი სიტყვა „ტერორიზმი“ და საზოგადოებას მიაწოდეს მორიგი ცრუ ინფორმაცია, თითქოს კომუნიკაცია ორ მხარეს შორის მიმდინარეობს ანტიტერორისტულ საქმიანობაზე. გარდა კონვენციის დასახელებისა, სამართლებრივ პროცედურებში სიტყვა „ტერორიზმი“ ნახსენები არსად არ არის“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი მიქავამ.

ამასთან, პროკურორის თქმით, რაც შეეხება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღებას, გენერალური პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში, განიხილოს ნებისმიერი ალტერნატიული შესაძლებლობის გამოყენებას იმგვარად, რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ხელი არ შეეშალოთ საზოგადოებრივ და ბიზნეს საქმიანობაში.

ბადრი ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო ცდილობს, ბრიტანეთში მათი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოახდინოს. „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, რომ მე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეჭვმიტანილი ვართ ფულის გათეთრებაში და ეჭვი აქვთ, რომ ჩვენი ფულადი სახსრები ბრიტანეთში არის კრიმინალური წარმოშობის“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ მამუკა ხაზარაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაში20-21 ივნისის საქმის პროკურორებმა სასამართლოს შენობა სათადარიგო კარით დატოვეს
შემდეგი სტატიაე.წ. ჭიაკოკონობას ადამიანები დიდმარხვის ბოლო კვირაში, ვნების ოთხშაბათს აღნიშნავენ