პროკურორები და არა მხოლოდ ისინი, სასამართლო პროცესზე დღეს ცდილობდნენ ექიმებისგან ამოეგლიჯათ თარიღი, ან საათი როდის შეიძლება მოვიდნენ – თუთბერიძე

პროკურორები და არა მხოლოდ ისინი, სასამართლო პროცესზე დღეს ცდილობდნენ ექიმებისგან ამოეგლიჯათ თარიღი, ან საათი როდის შეიძლება მოვიდნენ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ კლინიკა ვივა მედში გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ.

სხდომა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გადაიდო და ეს მძიმე მდგომარეობა მისმა მკურნალმა ექიმებმაც დაადასტურეს, მათ შორის ნეიროქირურგმაც.

“სასამართლოს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე პროცესზე იქნა წარდგენილი ცნობა, გარდა იმ ცნობისა, რომელიც სასამართლოში იქნა გაგზავნილი საავადმყოფოს მიერ და სადაც ნათლად იყო ნათქვამი, რომ პროცესზე გამოცხადება პრეზიდენტისთვის იყო შეუძლებელი. სამწუხაროდ, ქალბატონმა მოსამართლემ ჩათვალა, რომ მხოლოდ ტრანსპორტირებაზე იყო საუბარი, თუმცა მკურნალმა ექიმმა დაადასტურა, რომ არავითარი ტრანსპორტირების ხაზგასმა არის უსაფუძვლო და ის გულისხმობდა, რომ ჩვენების მიცემა და პროცესში ადეკვატური მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია” განმარტა შოთა თუთბერიძემ.

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პროცესის მონაწილე მხარეებს დღეს არ უნახავთ.

კითხვაზე, რას უკავშირდება გასვლითი სასამართლო სხდომის ჩანიშვნა, ადვოკატი ამბობს, რომ ხელისუფლება ჩქარობს, რადგან არ არის გამორიცხული სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მალე გამოაცხადოს, სადაც სავარაუდოდ სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი დარღვევები იქნება:

“მაგალითისთვის მოტივი შეიძლება იყოს ის, რომ სტრასბურგის სასამართლო სავარაუდოდ მალე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, სადაც მე მჯერა, რომ საქართველოს სახელმწიფოს დაუდგინდება მნიშვნელოვანი დარღვევები და საქართველოს ხელისუფლებას სურს ჰქონდეს ახალი განაჩენი, რომელიც ჯერ გასაჩივრებული ტექნიკურადაც ვერ იქნება. საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს ცვლის იმას, რომ თუ მას მოუწია მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გაუქმება, ან გათავისუფლების რეკომენდაცია მიიღო სტრასბურგის სასამართლოსგან, მათ შეუძლიათ დემაგოგიური მიზნებით ჰქონდეთ ახალი განაჩენი და თქვას, რომ ისინი კი არის გაუქმებული, მაგრამ ეს არ არის გაუქმებული” თქვა თუთბერიძემ.

banner
წინა სტატიაშიფრაქციაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ გასული წლის ბიუჯეტის ანგარიში მოისმინეს
შემდეგი სტატიაჩვენი მოლოდინია, რომ შვედეთი იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ეს პროცესი გამოხატული იქნება სტატუსის მინიჭებაში – ბოჭორიშვილი