პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადება სახალხო დამცველის ე.წ. „ციანიდის საქმის“ მონიტორინგის დასკვნის შესახებ

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მსურს გამოვეხმაურო სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით. ცალსახაა, რომ აღნიშნული საქმისადმი სახალხო დამცველს თავიდანვე ჰქონდა მიკერძოებული დამოკიდებულება.
2017 წლის 15 თებერვლიდან 02 მარტამდე პერიოდში იგი შეგნებულად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს გამოთხოვილი ჰქონდა საქმის მასალები მთავარი პროკურატურიდან და პასუხს ვერ იღებდა, ამავე დროს საჯაროდ აცხადებდა, რომ სახეზე იყო მნიშვნელოვანი დარღვევები, თუმცა მისი მომართვა სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ საქართველოს პროკურატურაში მხოლოდ 2 მარტს შემოვიდა.
სახალხო დამცველის ღრმა არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს მისი უსაფუძვლო კრიტიკა, რომ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები და არ მოიპოვა დამატებითი მტკიცებულებები, რასაც თურმე საჭიროდ მიიჩნევდნენ ადვოკატები. სახალხო დამცველს შევახსენებ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით გარანტირებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რაც გულისხმობს დაცვის მხარის სრულ თავისუფლებას, ბრალდების მხარისგან დამოუკიდებლად ჩაატაროს ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, ექსპერტიზა და გამოითხოვოს ინფორმაცია. გიორგი მამალაძის ინტერესებს იცავდა 6 ადვოკატი და არცერთ მათგანს არასდროს მოუმართავს პროკურატურისთვის რომელიმე საგამოძიებო მოქმედების ან/და ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობით. აღვნიშნავ, რომ არავის, მათ შორის არც სახალხო დამცველს არ აქვს უფლება ჩაერიოს პროკურორის საქმიანობაში და მიუთითოს მას თუ რომელი საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს და რომელი არა.
უჩა ნანუაშვილმა ბრალდებულის უფლების დარღვევად შეაფასა ის ფაქტი, რომ ადვოკატებს არ მიეცათ შესაძლებლობა მოეპოვებინათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვიდეოკამერების ჩანაწერები, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველმა მონიტორინგის შედეგებში შეგნებულად წარმოაჩინა დამახინჯებული ფორმით, რადგან სასამართლოს მიერ ადვოკატების შუამდგომლობის არდაკმაყოფილების მიზეზი, პროცესუალური ნორმების დაუცველობასთან ერთად გახდა ის გარემოება, რომ დაცვის მხარემ შუამდგომლობას არ დაურთო მოთხოვნის დასაბუთებისთვის აუცილებელი მტკიცებულებები.
სახალხო დამცველმა სრულიად დაუსაბუთებლად ეჭვქვეშ დააყენა სასამართლოს განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება – გიორგი მამალაძის მხრიდან ციანიდის ფლობის ფაქტი, რადგან საგამოძიებო უწყებამ ამ დრომდე ვერ დაადგინა პირი, ვისგანაც მსჯავრდებულმა ეს ნივთიერება შეიძინა. სავარაუდოდ, სახალხო დამცველი ასევე უწევს მონიტორინგს სხვა სისხლის სამართლის საქმეებს, შესაბამისად მან უნდა იცოდეს, რომ მაგალითად, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობრივ დანაშაულებზე, დანაშაულის იარაღის (ცეცხლსასროლი/ცივი იარაღი) წარმომავლობის დადგენის მიუხედავად, გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დადგება ეჭვქვეშ, როდესაც სახეზეა სხვა უტყუარი მტკიცებულებები. სახალხო დამცველის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ გამოძიებით და სასამართლოს განაჩენით არ არის დადგენილი თუ როდის, სად, ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა გიორგი მამალაძემ ცეცხლსასროლი იარაღი (მსჯავრდებული აღიარებს სსკ-ის 236-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას), თუმცა სახალხო დამცველი ამ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ეჭვქვეშ არ აყენებს.
სახალხო დამცველის მიკერძოებულობაზე ასევე მეტყველებს 2017 წლის 05 სექტემბერს მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „ციანიდის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა“. შეგახსენებთ, რომ 05 სექტემბერს გამოქვეყნდა განაჩენის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც შეიცავდა გადაწყვეტილებას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ განაჩენის სამოტივაციო ნაწილი არ იყო გამოქვეყნებული, უჩა ნანუაშვილმა შეითავსა ზემდგომი სასამართლოს ფუნქცია და წინმსწრებად, სრულიად არაკომპეტენტური შეფასება მისცა ისეთ საკითხებს, რომელიც მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა. აღსანიშნავია, რომ გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას უჩა ნანუაშვილი პირადად არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს, იგი მხოლოდ ორჯერ დაესწრო სასამართლო პროცესს.
ასევე მსურს ყურადღება გავამახვილოთ სახალხო დამცველის არაკომპეტენტურ შეფასებაზე, რომლის თანახმად მიზანშეუწონელი იყო სასამართლო პროცესების სრულად დახურვა. გაუგებარია სახალხო დამცველის ასეთი პოზიცია, როდესაც საუბარია მესამე პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის დაცვაზე, რომელთა გასაჯაროვებაც შელახავდა ამ პირთა უფლებებს. სახალხო დამცველის „მონიტორინგის შედეგებში“ აღნიშნულია, რომ თითქოს საქმეში არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ ერთი სხდომის ფარგლებში იქნა გამოკვლეული, რაც არის სიცრუე, ვინაიდან პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია არაერთ სასამართლო სხდომაზე იქნა გაჟღერებული, რასაც ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და უჩა ნანუაშვილს უნდა ჰქონოდა ამის შესახებ ინფორმაცია. ამავე დროს, სახალხო დამცველს რატომღაც მხედველობიდან გამორჩა სასამართლო პროცესის დახურვის ისეთი საფუძველი, როგორიც არის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა.
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პროცესის დახურვას არ გამოუწვევია ბრალდებულის უფლებების რაიმე ფორმით შეზღუდვა, მას იცავდა ექვსი ადვოკატი, ხოლო შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი სრულად იყო რეალიზებული სასამართლოს მიერ. აღნიშნულს ადასტურებს ის უპრეცედენტო ფაქტიც, რომ დახურულ სასამართლო სხდომებს ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი.
სახალხო დამცველი ასევე აცხადებს, რომ „იმ მასალებით, რაც დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელ განაჩენშია მიმოხილული, არ მტკიცდება, რომ რეალურად დანაშაულს ჰქონდა ადგილი.“ აშკარაა, რომ უჩა ნანუაშვილი სცილდება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებს და ღიად იჭრება სასამართლოს უფლებამოსილებაში.
იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში, უჩა ნანუაშვილი ობიექტურად შეასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ მოთხოვნებს, სრულყოფილად მოისმენს ორივე მხარის პოზიციას, არ შეითავსებს სასამართლოს ფუნქციას და მისი არაკომპეტენტური შეფასებებით, უსაფუძვლო ეჭვს არ შეიტანს სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6955 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაზუგდიდში მანქანის დაჯახების შედეგად 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა