პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ორი მსჯავრდებული გამართლდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმრის თეიმურაზ ნაოჭაშვილის და გიორგი კუპრეიშვილის მიმართ, რომლებსაც გაყალბებული მტკიცებულებების და ცალმხრივი, არასრულყოფილი გამოძიების საფუძველზე წარუდგინეს ბრალი, გამამართლებელი განაჩენები დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პოლიტპატიმარი თეიმურაზ ნაოჭაშვილი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი იყო და აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ოპოზიციურ მოძრაობაში.

„სწორედ მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, 2008 წლის 11 ივნისს იგი სოფელ ტყვიავში შსს-ს იმჟამინდელმა თანამშრომლებმა დააკავეს და ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ,,ჩაუდეს“. გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე 2008 წლის 23 დეკემბერს, თეიმურაზ ნაოჭაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 10 000 ლარი მიესაჯა. საპატიმრო დაწესებულების დატოვება მან 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ შეძლო.

ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა სრულად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, რაც ადასტურებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას და მისი დაკავების პოლიტიკურ მოტივებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახლადგამოვლენილი გარემოებები და პოლიტპატიმარი უდანაშაულოდ ცნო.

მეორე გამამართლებელი განაჩენი ყოფილი სამართალდამცავის გიორგი კუპრეიშვილის მიმართ იქნა გამოტანილი, რომელსაც 2006 წელს გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე წარმართული გამოძიების შედეგად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმე ვიქნები ყველგან, სადაც გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე შეექმნება – ომბუდსმენი “თბილისი პრაიდზე”
შემდეგი სტატიახალხს მოუწევს, თვითონ დაიცვას თავისი უფლებები, მათ შორის აჯანყებით – ვასაძის თანამოაზრეების ადვოკატები