პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის, ძალადობისთვის და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული ტ.მ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 15 თებერვალს, ღამის საათებში, ტ.მ.-მ გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში, არასრულწლოვანი შვილის და მეუღლის დის თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს ხ.გ.-ს დანით ყელის და სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, ხოლო მეუღლის დას ასევე დაზიანება მიაყენა ხელის არეში. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ტ.მ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ტ.მ.-ს მეუღლე ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ტ.მ. 2020 წლის 16 თებერვალს გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში დააკავეს. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ’’, და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ტ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი : კორონავირუსით ინფიცირებული, შაქრიანი დიაბეტის მქონე 82 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა
შემდეგი სტატიაახალციხის ცხელების ცენტრში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა