პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავა უკრაინაში თავშესაფარს ითხოვს, რის გამოც საქართველოში მისი ექსტრადიციის საკითხის განხილვა შეჩერებულია

საქართველოს პროკურატურაში მეგის ქარდავასთვის საექსტრადიციო პატიმრობის შინაპატიმრობით შეცვლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ. როგორც პროკურორმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა განაცხადა, ქარდავა პარალელურად ითხოვს თავშესაფარს უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის კანონმდებლობის თანახმად კი პირი, როდესაც თავშესაფარს ითხოვს, მისი ექსტრადიციის საკითხის განხილვა ჩერდება და იუსტიციის სამინისტრო ელოდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, სანამ თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები ამოიწურება.

„საქართველოს პროკურატურამ თავის დროზე ყველა შესაბამისი მასალა მიაწოდა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს. უბრალოდ გათავისუფლების მიზეზი სხვა რაღაცაში მდგომარეობს. ეს ადამიანი პარალელურად ითხოვს თავშესაფარს უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინის კანონმდებლობის თანახმად პირი, როდესაც თავშესაფარს ითხოვს, მისი ექსტრადიციის საკითხის განხილვა ჩერდება და იუსტიციის სამინისტრო ელოდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, სანამ თავშესაფრის პროცედურები ამოიწურება. უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, ასევე ერთი წელია საექსტრადიციო პატიმრობის ვადა. ამ ერთი წლის შემდეგ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან“, – განაცხადა ჩილინგარაშვილმა.

მისივე თქმით, ვინაიდან თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები არ იყო დასრულებული, უკრაინის კომპეტენტურმა ორგანოებმა გაათავისუფლეს მეგის ქარდავა.

„თუმცა, გათავისუფლება პირობითია, რადგან მის მიმართ გამოყენებულია შინაპატიმრობა, რაც გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. შეზღუდვა დაწესებულია მაგალითად, გადაადგილებასთან დაკავშირებით, ასევე ვალდებულებაა კონკრეტულ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადების და ა.შ. ამის ერთადერთი მიზანი სწორედ ის იყო, რომ არ ამოწურულიყო საექსტრადიციო პატიმრობის ვადა სრულად და მას შემდეგ, რაც თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით პროცედურები დასრულდება, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს შეეძლება ეს ადამიანი კვლავ აიყვანოს პატიმრობაში. მისი გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ შემდგომში როდესაც შესაძლებელი იქნება საექსტრადიციო პროცედურების განხილვა, ექსტრადიციის განმხილველ ორგანოს მიეცეს შესაძლებლობა კვლავ პატიმრობაში აიყვანოს მეგის ქარდავა და სრულად განიხილოს მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი“, – განაცხადა ირაკლი ჩილინგარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შემდეგი სტატიამადლობელი ვარ, რომ ასე სწრაფად მოხდა ჩვენი შეხვედრა, ძალიან სწორია, რომ ასეთი ფორმით იყოს გადაბარება