პროკურატურაში გელა ბეჟუაშვილის გამოკითხვა დასრულდა

გენერალურ პროკურატურაში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გელა ბეჟუაშვილის გამოკითხვა დასრულდა.როგორც მან ჟურნალისტებს გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, გამოძიების კითხვები ეხებოდა მისი მინისტრობისა და უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდს და მან გამოძიების ყველა კითხვას უპასუხა.

“კითხვები იყო ძალიან ბევრი, ზოგი იყო ტექნიკური ხასიათის. ძირითადად ეხებოდა ჩემს საქმიანობას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე. ძირითადი კითხვები იყო იმაზე, თუ რა მექანიკითა და პროცედურით საქმიანობდა ეროვნული უშიშროების საბჭო სხვადასხვა საკითხებთან, მათ შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაციასთან დაკავშირებით. ასევე, ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს რა შეემხებლობა მქონდა მე, როგორც მინისტრს, სადემარკაციო და სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობასთან. ბევრი კითხვა იყო, ყველა კითხვას ვუპასუხე. იცით, რომ კომისია იყო უწყებათაშორისო სახელმწიფო კომისია, ის არ ექვემდებარებოდა არც საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ანგარიშვალდებული იყო ეროვნული უშიშროების საბჭოსთან. მე დავაფიქსირე ღიადაც და გამომძიებელთანაც ჩემი დამოკიდებულება დაკავებულებთან მიმართებით. მე არც მაშინ და არც დღეს არანაირი საფუძველი არ მაქვს ეჭვი შევიტანო მათ პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმში. ჩემი აზრით, ამ საქმის გამოძიება შეიძლება ამ ადამიანების წინასწარი დაკავების გარეშე.

ცნობისთვის, საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი პროკურატურაში მოწმის სახით დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ Iphone 11 pro ჟურნალისტებისგან თავდაცვის მიზნით შეიძინა
შემდეგი სტატიაყვარელში ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა