პროკურატურაში აცხადებენ, რომ სასამართლო განხილვის ეტაპზე, ბრალდებულების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის მიერ არაერთხელ დაირღვა გირაოს გამოყენების პირობა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სასამართლო განხილვის ეტაპზე, ბრალდებულების, გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის მიერ არაერთხელ დაირღვა გირაოს გამოყენების პირობა.

„ბრალდებულების, გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის და მათთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ სასამართლო განხილვის ეტაპზე, ბრალდებულების, გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის მიერ არაერთხელ დაირღვა გირაოს გამოყენების პირობა. კერძოდ, მიმდინარე პროცესებზე ბრალდებულები არასაპატიო მიზეზით რამდენჯერმე არ გამოცხადდნენ სასამართლოში მათი ბრალდების საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად და მათ ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ სასამართლოსთვის რაიმე სახის შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს. შესაბამისად, ბრალდებულების მიერ დარღვეულია გირაოს გამოყენების პირობა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განმარტებით, „ასევე აღსანიშნავია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაცია ბრალდებულების – გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით, რისთვისაც გიორგი ჩიკვაიძე იმყოფებოდა სადახლოს გამშვებ პუნქტთან ახლოს“.

„აღნიშნულზე მყისიერი რეაგირების შედეგად, 7 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება გირაო 50 000 ლარის ოდენობით პატიმრობით შეუცვალა, ხოლო ირაკლი პაპიაშვილის მიმართ შეფარდებული გირაო ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი ბრალდებულები არიან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, რამაც 1 155 019 ლარის ზიანი გამოიწვია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიხატია ბუნიათიშვილი: გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! სრულიად უდანაშაულო, უვნებელი და თავისუფალი ადამიანები
შემდეგი სტატიადავით კეზერაშვილმა ტელეკომპანიას “ფორმულას” კუთვნილი 26%-იანი წილი თანადამფუძნებლებს გადასცა