პროკურატურას არ ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეძიებინა ის ფარული ჩანაწერები, რომლებიც ინტიმურ ხასიათს შეიცავდა

მთავარი პროკურორის ინფორმაციით, პროკურატურას არ ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეძიებინა ის ფარული ჩანაწერები, რომლებიც ინტიმურ ხასიათს შეიცავდა, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს კამპანია „ეს შენ გეხებას“ განცხადების საპასუხოდ განუცხადა.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ 26 000 უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერიდან პროკურატურას რეაგირება არც ერთზე არ მოუხდენია და დღემდე უცნობია, ვინ აგო პასუხი უკანონო ქმედებებისთვის.

როგორც შოთაძე აღნიშნავს, კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები იყვნენ იმ კომისიაში, რომელმაც ინტიმური ხასიათის უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების განადგურების გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისად, პროკურატურას არ ქონდა შესაძლებლობა გამოძიების ჩატარების, ვიდრე არ მოხდა აღნიშნული უკანონო ჩანაწერების ქსელში ატვირთვა და გავრცელება.

„ის ჩანაწერები, რაც ჩვენთან გამოიგზავნა, არც ერთი არ შეიცავდა ინტიმურ ხასიათს. სხვათა შორის „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები იყვნენ იმ კომისიის წევრებიც, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ინტიმური ხასიათის ჩანაწერების განადგურებაზე, რომელთა ნაწილის ატვირთვა მოხდა უკანონოდ. ჩვენ შესაძლებლობა არ გვქონდა აქამდე ამ საქმეების გამოძიების, ვიდრე ამ ჩანაწერების ნაწილი არ აიტვირთა უკანონოდ ქსელში. შესაბამისად, ატვირთვის შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ გამოძიება და ის პირები, ვინც ეს ინტიმური ხასიათის ჩანაწერები გააკეთა, ყველანი იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მთავარი პროკურორი განმარტავს, რომ ის 26 000 ჩანაწერი, რაც პროკურატურაში გამოძიებისთვის გადაიგზავნა, საკმაოდ მოცულობითია და მათ ნახვას, ექსპერტიზის ჩატარებას და საგამოძიებო მოქმედებების წარმართვას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ირაკლი შოთაზის თქმით, ამას შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს.

banner
წინა სტატიაში,,მერაბიშვილი ძალიან ნიჭიერი ადამიანია, ის გარემოებების მძევალი გახდა”
შემდეგი სტატიაამირან სალუქვაძე:”დელტას” შემთხვევაში უნდა მომხდარიყო შემოწმება, ანალიზი, დასკვნა და მხოლოდ შემდეგ გადაწყვეტილება