პროკურატურამ ვანში გამარტივებული შესყიდვების კანონდარღვევისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცა

პროკურატურამ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წლის განმავლობაში გამარტივებული შესყიდვის პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პაუხისგებაში მისცა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სამუშაოების მიმწოდებელი 6 პირის, ასევე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ყოფილი უფროსის მიმართ.

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წლის მანძილზე, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარტივებული შესყიდვის ფორმით, 523 403 ლარის საერთო ღირებულების რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა სხვადასხვა სამუშაოს შესყიდვის თაობაზე. სამუშაოების შემსრულებელი შპს „ვანის საგზაო“-ს დირექტორი ბ.გ., ი/მ გ.ა., ი/მ ზ.დ., ი/მ შ.ფ. და ი/მ ა.ა., ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის გზით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს.

“ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გ.ნ. გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და ზემოაღნიშნულ პირებთან ანგარიშსწორება მოახდინა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების მოთხოვნათა უგულებელყოფით, რაც მას შესრულებული სამუშაოს ღირებულების განსაზღვრას ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით ავალდებულებდა. გ.ნ.-ს ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი – ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიადგა ზიანი 46 875 ლარის ოდენობით,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალი სსსკ-ის სხვადასხვა მუხლით აქვთ წაყენებული.

banner
წინა სტატიაშითოვისა და ქარბუქის გამო კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატია“მთაწმინდელებში ცალსახად ერთი განწყობაა – ხელისუფლება უნდა შეიცვალოს” – შალვა შავგულიძე