პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, ასევე პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ორი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულების უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი, ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.

პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად, საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა.

აღნიშნულის საფუძველზე, 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე, რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება. სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მდებარე მალხაზი ძაძამიას მიწის ნაკვეთი ფართობით 506 კვ/მ და ნანული ძაძამიას მიწის ნაკვეთები ფართობებით – 3253 კვ/მ და 4420 კვ/მ.

დეპარტამენტი მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული აღნიშნული მიწის ნაკვეთები.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ მიიღებს შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას.

საქმეზე პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე ეტაპობრივად დაუბრუნდებათ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურა პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას.

გარდა აღნიშნულისა, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში ჩატარებული ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა.

2006 წელს, მამუკა ნოზაძე გასამართლებული იქნა მ.მ.-სთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ძვ. რედ.) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

იმჟამინდელი გამოძიება მას ედავებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის მიმართ საადვოკატო ფუნქციების განხორციელებისას ჩადენილ თაღლითობას, რაც გამოიხატებოდა არაშესაბამის საბანკო ანგარიშზე დაკისრებული გირაოს თანხის შეტანასა და საგამოძიებო უწყებაში დამადასტურებელი ქვითრის წარდგენაში.

სასამართლოს საბოლოო განაჩენით, მამუკა ნოზაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მამუკა ნოზაძეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია ბრალდებულის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმესთან და არ ყოფილა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, ხოლო ბრალდებულის ოჯახის წევრმა უარყო მამუკა ნოზაძისთვის ფულადი თანხის გადაცემის ფაქტი. ასევე დადასტურდა, რომ მამუკა ნოზაძის მიმართ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად და არ მომხდარა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. შესაბამისად ხელახალი გამოძიების შედეგად გამოირიცხა მამუკა ნოზაძის მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ მამუკა ნოზაძის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის თაობაზე და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით, საქმე წარიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მამუკა ნოზაძის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 453 პირი, რომელთაგან 322 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 60 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 114 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 91 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის მთავარმა რაბინმა უარი თქვა უკრაინის ომის საჯარო მხარდაჭერაზე და დატოვა რუსეთის ფედერაცია
შემდეგი სტატიარუსეთმა მოპარული უკრაინული მარცვლეულის თურქეთისთვის მიყიდვის სქემა შეიმუშავა