პროკურატურამ პოლიტპატიმრის უკანონოდ დაკავების და ციხეში ძალადობის მორიგი ფაქტები გახსნა

პატიმრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე N8 საპყრობილის რეჟიმის ყოფილი ინსპექტორი დააკავეს. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს:

“საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო.
ციხეში პატიმრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, პროკურატურის მიერ დაკავებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის რეჟიმის ყოფილი ინსპექტორი კ.ყ., ხოლო პოლიტპატიმარ ზვიად შინჯიკაშვილის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება მისი უფლებების არსებითად დარღვევის თაობაზე, რაც უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 27 ოქტომბერს, პატიმარი დანტე რეხვიაშვილი შესახლებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპყრობილეში. ამავე საპყრობილის რეჟიმის ინსპექტორმა და ამავდროულად კორპუსის ზედამხედველმა კ.ყ-მ შეიტყო, რომ დანტე რეხვიაშვილი თავს არ ცნობდა დამნაშავედ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის ბრალდებაში. ამ მიზეზით, მან დანტე რეხვიაშვილი მის თანასაკნელებთან ერთად გაიყვანა საპყრობილის აბაზანაში და მას დანაშაულის აღიარება მოსთხოვა, რაზედაც უარის მიღების შემდეგ თავში რადიოგადამცემი ძლიერად ჩაარტყა და ცხვირი გაუტეხა, რის შემდეგაც N8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ლ.ჩ.-სთან და ციხის სხვა თანამშრომლებთან ერთად განაგრძო ძირს დაგდებული დანტე რეხვიაშვილის ცემა.
კ.ყ-მ ნაცემი და დასისხლიანებული დანტე რეხვიაშვილი საკანში დააბრუნა და ცხვირის გატეხვის და მისგან გამოწვეული ძლიერი ტკივილის მიუხედავად, არ მისცა მას სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება და მკაცრად აუკრძალა მომხდარი ფაქტის და სამედიცინო დახმარების მოთხოვნის შესახებ ვინმესთან განეცხადებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მის თანასაკნელებსაც ანალოგიურად გაუსწორდებოდა.
მომხდარი ფაქტიდან ორი თვის შემდეგ კ.ყ-მ და უსაფრთხოების ინსპექტორმა ლ.ჩ-მ კვლავ სცემეს პატიმარი დანტე რეხვიაშვილი და ისევ იმ მიზეზით, რომ იგი არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს.
დაზარალებული დანტე რეხვიაშვილის ცემა და ძალადობა მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც მის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მისგან აღიარებითი ჩვენების მიღება საქმისთვის აღარ იყო მნიშვნელოვანი.
საქმეზე გრძელდება გამოძიება, კ.ყ-ს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით.
N8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ლ.ჩ.-ს მიმართ კი არ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა მისი გარდაცვალების გამო.
რაც შეეხება პოლიტპატიმარ ზვიად შინჯიკაშვილის საქმეს, იგი იყო ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტიური წევრი, რომელიც მონაწილეობას იღებდა 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში. სწორედ მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო, სამართალდამცავების მიერ დაიგეგმა ზვიად შინჯიკაშვილის დაკავება და მისი უკანონო მსჯავრდება. 2011 წლის 06 სექტემბერს, გურჯაანში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც ზვიად შინჯიკაშვილი პირად საქმეზე მიდიოდა, მასთან მოულოდნელად მივიდნენ შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც მას პოლიციის განყოფილებაში გაყოლა მოსთხოვეს. ადგილზე მისულს კი განუცხადეს, რომ იგი იყო დაკავებული ხულიგნობის ბრალდებით – ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტისთვის, რომელსაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. მოგვიანებით, მისი განზრახ უკანონო მსჯავრდების მიზნით დაკითხეს გამოგონილი ინციდენტის ე.წ. ,,თვითმხილველი“ მოწმეები, რომლებმაც პოლიციელების ზეწოლის შედეგად გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები.
ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიტიკური მოტივით დაკავებული ზვიად შინჯიკაშვილი გასამართლებულ იქნა თელავის რაიონული სასამართლოს მიერ და მას მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
პოლიტიკური ნიშნით დაკავებულმა ზვიად შინჯიკაშვილმა საპატიმრო დაწესებულება 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მას პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა.
აღნიშნულ საქმეში, ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ზვიად შინჯიკაშვილის დაკავების შემსწრე ახალი მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა, რომ მის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს საპატიმრო დაწესებულებებში პატიმრების მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას და უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვას.” ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში,,წამზომი ჩართულია“: 609 დღე – პირადი ცხოვრების ჩანაწერების საქმე – ომბუდსმენი შედეგებს აჯამებს
შემდეგი სტატია„თუ მაინც მოხდა სააკაშვილის ძალადობრივი დაკავება, ეს იქნება ნამდვილად ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული”- ხატია დეკანოიძე