„ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრებს, რომლებიც ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას და თავადვე მონაწილეობდნენ, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
განცხადებას პროკურატურა ავრცელებს:
“პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ძარცვის, ჯგუფური მოქმედების ორგანიზების და მონაწილეობის ფაქტებზე სასამართლომ ორ ბრალდებულს 14-14 წლით, ერთს 8 წლით, 5 არასრულწლოვანს კი 10 წლით და 6 თვით, 9 წლით და 4 თვით, 6 წლით და 5 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ჯგუფური მოქმედების ორგანიზების და მასში მონაწილეობის და ჯგუფური ძარცვის ფაქტებზე რვა პირი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ, ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას, რომელშიც თავადვე მონაწილეობდნენ. კერძოდ, აღნიშნული დაჯგუფების წევრები მათგან განსხვავებული შეხედულებების მქონე პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ. ასევე, ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ამსახველ ვიდეოებს იღებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ. რიგ შემთხვევაში მსხვერპლებს ასევე ართმევდნენ პირად ნივთებს”,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.















