პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი ყოფილი მსჯავრდებულის საქმეებზე უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნულ საქმეებზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა პირველადი საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეზე მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც აღნიშნული პირების მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტები გამოირიცხა.

2010 წელს ჯემალ ხინიკაძე გასამართლებული იქნა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებისა და ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების ფაქტზე, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ჯემალ ხინიკაძემ, უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, განიზრახა სახელმწიფოს კუთვნილი ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში მდებარე 20,000 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით დაუფლება. 2008 წლის 5 მარტს მან განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და წარუდგინა მცდარი ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაცია, რათა მოეხდინა მასზე და მის ნათესავებზე ზ.ხ-ზე და ე.ხ-ზე, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება. 2008 წლის 19 მარტის კომისიის სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება და ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში მდებარე 10 000-10 000-10 000 კვ/მ მიწის ნაკვეთები აღიარებული იქნა ხსენებული პირების საკუთრებად. ასევე გაცემული იქნა შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობები. შემდგომში აღნიშნული მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის მიერ დარეგისტრირებული იქნა მესაკუთრეებზე. იმჟამინდელი გამოძიების ვერსიის მიხედვით, ჯემალ ხინიკაძემ ნაკვეთების რეგისტრაციით სისრულეში მოიყვანა დანაშაულებრივი განზრახვა და თაღლითური გზით, მართლსაწინააღმდეგოდ, დიდი ოდენობით, მიითვისა 1 000 000 ლარის ღირებულების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 20 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ჯემალ ხინიკაძე აღნიშნული ქმედებისათვის გასამართლებული იქნა და მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 6 წლით გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ჯემალ ხინიკაძეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის მცდარი ინფორმაცია არ მიუწოდებია. იგი, ოჯახთან ერთად, ნამდვილად ფლობდა და ამუშავებდა ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებას, ამდენად გააჩნდა ქონების საკუთრებაში მიღების მართლზომიერი საფუძვლები, ხოლო გამოძიება მის მიმართ წარმართული იყო ტენდენციურად, არ მომხდარა ობიექტური გარემოებების შესწავლა და ჭეშმარიტების დადგენა. აქვე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ხინიკაძის გარდა სხვა პირებს ბრალდება არ წარდგენიათ, მაშინ როცა ნაკვეთების რეგისტრაცია სამმა პირმა მოახდინა და უფრო მეტიც, ერთი პირისთვის ზ.ხ-სთვის ქონებაზე საკუთრების უფლება არ გაუუქმებიათ და დღემდე მიწის ნაკვეთი მის საკუთრებას წარმოადგენს.

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ასევე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება იქნა ჩატარებული რომან ალთუნაშვილი საქმეზე. 2010 წლის 6 აპრილს რუსთავის რაიონული სასამართლოს განაჩენით, იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების უკანონო პრივატიზების ფაქტზე, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2007 წლის 02 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია).

სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, რომან ალთუნაშვილს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა თეთრიწყაროს რაიონში მდებარე მისი კუთვნილი, დაახლოებით 60 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც დანაშაულებრივი გზით მოპოვებულად იქნა მიჩნეული.

ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული იქნა ახალი მტკიცებულებები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ რომან ალთუნაშვილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სამსახურისთვის არ მიუწოდებია მცდარი ინფორმაცია. საქმეზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებებით და მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ რომან ალთუნაშვილს თეთრიწყაროს საკრებულოს ფონდში არ ჰქონდა დაბრუნებული, თავის დროზე იჯარით აღებული 43,6 ჰა მიწის ნაკვეთი და გააჩნდა კანონიერი საფუძველი, რომ 1997 წლის 10 ივლისს გაფორმებული №75 იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მოეხდინა 60 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთების პრივატიზაცია. უფრო მეტიც, ხელახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული იქნა დოკუმენტური მტკიცებულება, რომლის თანახმად რომან ალთუნაშვილი ფიქსირდებოდა გადამხდელთა რეესტრში და იგი იხდიდა იჯარის გადასახადს ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთებზე. ამდენად მის მიერ ხსენებული ნაკვეთების სახელმწიფოსთვის ვითომდა დაბრუნების ფაქტი არ დადასტურდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ რომან ალთუნაშვილისა და ჯემალ ხინიკაძის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის თაობაზე და იგი მიმართავს სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მათ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით. სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, აღნიშნულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა სამართლებრივი გზით დაიბრუნონ მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთები.

რაც შეეხება გამამართლებელ განაჩენს, გოგიტა ბექაურს ბრალი ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ძარცვაში. 2006 წლის 5 დეკემბრის საგარეჯოს რაიონული სასამართლოს განაჩენით იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 118-ე მუხლის I ნაწილით და 178-ე მუხლის I, II ნაწილის „ა“, III ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობით. ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული იქნა მსჯავრდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. გამოიკითხა ათეულობით მოწმე, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოვლინდა ახალი ფაქტები და მოპოვებული იქნა ახალი მტკიცებულებები, რომელთა ანალიზმა ცხადყო, რომ გოგიტა ბექაურის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. გამოძიებისას გამოიკვეთა გარემოება, რომ მის დაკავებას შესაძლოა ჰქონოდა სამართალდამცველთა მხრიდან არალეგიტიმური დაინტერესება, რაზეც გამოძიება გრძელდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და 2021 წლის 7 აპრილს გოგიტა ბექაურის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 103 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 85 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 18 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.

გარდა ამისა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად 14 პირის მიმართ, რომელთაგან 12 ატარებდა პოლიტპატიმრის სტატუსს, დადგენილი იქნა უფლებების არსებითად დარღვევის ფაქტები, რის შედეგადაც უარი ითქვა სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაზე და აღნიშნულ პირთა მიმართ დადგენილი იქნა გამამართლებელი განაჩენები.

დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 407 პირი, რომელთაგან 293 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 57 750 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.

banner
წინა სტატიაშიბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაუგულავა – 15 მაისი ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, ბრაზი გამოხატოს