პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ მარნეულში „ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის წევრს, ლაშა ქველაძეს ბრალი წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ლაშა ქველაძემ დაპირისპირებისას ერთ-ერთ პირს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა. ის სამართალდამცავებმა 3 ოქტომბერს დააკავეს.

„საქართველოს პროკურატურამ, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ლ.ქ. -ს ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში, საღებავის გამოყენებით წარწერების გაკეთებისთვის მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ლ.ქ.-მ პოლიტიკური მოტივით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა რ.ი.-ს.

სამართალდამცველებმა ლ.ქ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 3 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურამ ლ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის სტენსილი თელავში – წარწერა ” ბოლო იმედი”
შემდეგი სტატიახოშტარია: დღეს ერთ უბანზე აღმოჩნდა, რომ 1 ხმა გვეწერა და 18 აგვიღია