პროკურატურამ ლორა სმიტის გაუპატიურებისა და მკვლელობის მოტივით მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძიმა

პროკურატურამ ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კობაურს ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა.

„2018 წლის 4 ივლისს, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში ტურისტული მიზნით მყოფი რაიან მაიკლ სმიტის, ლორა ჯოი სმიტის და მათი 4 წლის შვილის, ქელებ ისმატ სმიტის მკვლელობის საქმეზე, ბრალდებულ მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმდა.

გამოძიების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ, მას ასევე ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა.

დღემდე, მალხაზ კობაურს ბრალი ედებოდა რაიან მაიკლ სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ქელებ ისმატ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში.

შესაბამისად, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში,,დიახ, აგვისტოს დასაწყისში მივიღეთ გადაწყვეტილება, ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებები გვეწარმოებინა”
შემდეგი სტატიაკობაურის ადვოკატი – გამოძიებას არანაირი ახალი მტკიცებულება არ გააჩნია, თუმცა, მაინც ჩათვალეს, რომ ბრალი უნდა დაემძიმებინათ