16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

პროკურატურამ ჯგუფურად წამების, გამოძალვის, ძარცვის, ძალადობის ორგანიზების ფაქტებზე „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების 12 წევრს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველომ, ჯგუფურად წამების, გამოძალვის, ძარცვის, ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულები წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ, ძალადობის ამსახველ კადრებს კი ხშირ შემთხვევაში სოციალურ ქსელში ათავსებდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესის და ეროვნების მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ, ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას. აღნიშნული დაჯგუფების წევრები მათგან განსხვავებული შეხედულებების და ეროვნების მქონე პირთა გამოვლენის და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ. ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ვიდეო გადაღებას აწარმოებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ. რიგ შემთხვევაში კი მსხვერპლებს პირად ნივთებს ართმევდნენ და თანხას სძალავდნენ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რასაც ახლავს ძალადობა და მასში მონაწილეობა), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა ჯგუფურად), 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ძარცვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჩადენილი წამება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დათქმებიდან გამომდინარე 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიReuters-ის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა
შემდეგი სტატია6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული პროექტი, პარლამენტში ხელახლა დაინიცირდა