საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, ქალაქ გურჯაანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის წარსულში ნასამართლევმა პირმა დაზარალებულს ცივი იარაღით მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას არაერთგზის მოიცავს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.








