პროკურატურამ გუდაურში მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევა ორი ახალგაზრდის შეჯახებას მოჰყვა

საქართველოს პროკურატურამ, 2018 წლის 16 მარტს გუდაურში, ე.წ საძელეს მთაზე მომხდარი საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მემანქანე-ოპერატორებს ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში „საძელეს“ მთაზე განთავსებული საბაგირო გზა ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად, ავარიულად გაჩერდა. საბაგირო გზის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა – შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ თანამშრომლებმა – ვ.ო.-მ და ლ.წ.-მ დაარღვიეს საბაგირო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესი და ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც საბაგიროს ხუთმა მგზავრმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს.

პროკურატურამ ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებები გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაპოლიციამ ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა