პროკურატურამ, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს.

ამისათვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებს, გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს.

დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ – ორიგინალი წიგნების მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ.

აღნიშნული გზით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-2023 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი ახორციელებს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაწყებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა ოთხი წევრის მიმართ.

ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, შვეიცარიის, საფრანგეთის და ლიეტუვის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს.

ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, ევროკავშირის ქვეყნების და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა.

საქმეზე გამოძიება საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით გრძელდება ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების და გამოვლენის მიზნით.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნება რუსულ კანონზე კრიტიკული დასკვნის შემდეგ ვენეციის კომისიის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს
შემდეგი სტატიაEU-ს ქვეყნებში ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს