პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივლისს, ქ. თბილისში, ქვემო ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ.ვ.-მ შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანით, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა დედას და მასთან ერთად მყოფ რ.მ.-ს. მიღებული დაზიანების შედეგად ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაზარალებული საავადმყოფოში მოათავსეს.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული მის ნაცნობთან, გ.ჯ.-სთან მივიდა, მომხდარის შესახებ მოუყვა და მიმალვაში დახმარება სთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა დანამდვილებით იცოდა ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა გ.ჯ. 19 ივლისს, ხოლო ნ.ვ. 21 ივლისს დააკავეს. ნ.ვ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა გენდერული ნიშნით) და 19, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით (გენდერული ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გ,ჯ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო, ნ.ვ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბრალდების მხარემ სასამართლოს დღეს მიმართა.

წინა სტატიაშიჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაუკრაინის ახალი გენპროკურორი უახლოეს 10 დღეში დაინიშნება – არახამია