პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და დევნის ფაქტებზე ბრალდებული სამი პირი ნაწილობრივ გამართლდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და დევნის ფაქტებზე ბრალდებული სამი პირი ნაწილობრივ გამართლდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ბრალდებულები – ა.ა., გ.ე. და გ.ო. ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, ასევე, მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით, უკანონოდ შეიჭრნენ ოფისში და დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარი.

სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

2022 წლის 4 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ყველა ბრალდებული სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად) და სასჯელის სახედ თითოეულ მათგანს მიესაჯა ჯარიმა – 15000 ლარის ოდენობით, ჯარიმის ნაწილი 10000 ლარი – ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით ჩაეთვალათ მოხდილად და საბოლოოდ ჯარიმა – 5000 ლარი განესაზღვრათ.

ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.

წინა სტატიაშიქვეყანა წინ მიჰყავს არა სამოქმედო გეგმებს, არამედ მოქმედებას, „ქართულ ოცნებას“ ნულოვანი ნდობა აქვს – ნაცვლიშვილი
შემდეგი სტატიაოპოზიცია გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას, უნდა მოვახდინოთ იმ კანონპროექტების ინიცირება პარლამენტში, რომელიც შექმნის წინაპირობას, რომ 12 პუნქტი დაკმაყოფილდეს – კორძაია