სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე მსჯავრდებულებმა — მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ — ჩადენილი დანაშაული აღიარეს და მოინანიეს.
პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულებმა უწყებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით უკვე მიმართეს.
„ბრალდების მხარის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებისთანავე ეცნობება საზოგადოებას“, — აცხადებენ პროკურატურაში.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ იქნენ ცნობილნი და სასჯელის სახედ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.














