პროკურატურა : მიუხედავად იმისა, რომ ნიკანორ მელიას ჰქონდა გამოცხადების ვალდებულება, დღეს მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას

პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გააცნო. პროკურატურის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ნიკანორ მელიას ჰქონდა გამოცხადების ვალდებულება, დღეს მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.

„საქართველოს პარლამენტის წინ 2019 წლის 20-21 ივნისს გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში დღეს, 10:00 საათზე ბრალდების წარდგენის მიზნით დაბარებული იყო საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკანორ მელიას ჰქონდა გამოცხადების ვალდებულება, მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც დადგენილება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ, გაეცნო მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის, ნიკანორ მელიას მიმართ პროკურატურამ ბრალდების დადგენილება 2019 წლის 25 ივნისს გამოიტანა.

ბრალდებულს ან-და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს, გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებები გადაეცემა კანონით განსაზღვრულ ვადაში – ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, გენერალურმა პროკურატურამ უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად კანონით გათვალისწინებული თანხმობის მიღების წინადადებით“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“პასუხისმგებლობა ჩვენს გუნდს ეკისრება და ეს კარგად გვაქვს გააზრებული” – კახი კალაძე “გავრილოვის ღამეზე”
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: პროკურატურას ნიკა მელიას წინააღმდეგ ცრუ მოწმეები ჰყავს