პროკურატურა – მამუკა ხაზარაძე ჩვენებაში აცხადებს, რომ არ იცოდა, თუ ავთანდილ წერეთლის კომპანიისგან ნასესხები თანხა მისივე ბანკიდან გატანილი სესხი იყო

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ არ იცოდა, თუ „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი ემისგან“ ნასესხები თანხა მისივე ბანკიდან გატანილი სესხი იყო. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი გრძელიშვილმა განაცხადა.

გამოძიების მიმდინარეობისა და მამუკა ხაზარაძის მიერ მიცემული ჩვენების შესახებ კითხვაზე,უწყებაში გამოკითხვის მხოლოდ ერთ ნაწილზე ისაუბრეს.

„როგორც გამოკითხვისას მამუკა ხაზარაძემ ჩვენებაში აღნიშნა, მან არ იცოდა, რომ ეს თანხა, რომელიც ავთანდილ წერეთლის კომპანიისგან ისესხა, მისივე ბანკიდან იყო გატანილი სესხის სახით. მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს რომ სცოდნოდა, აღნიშნულ თანხას ხელს არ მოკიდებდა. რაც შეეხება ზოგადად საქმეს, გამოძიება გრძელდება და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, – განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.

შეესაბამება თუ არა სიმართლეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია პროკურატურის მიერ ფულის გამთეთრებელთა სიაში მამუკა ხაზარაძის შეყვანასთან დაკავშირებით. უწყებაში განაცხადეს, რომ მსგავსი ინფორმაცია პროკურატურას არ გაუცია და საგამოძიები უწყებაში მსგავსი ბაზა არ არსებობს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი ემმა“, „თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი ემის” ვალი.

წყარო:პირველი არხი

banner
წინა სტატიაშიბახტრიონის ქუჩაზე ავტომობილი ტანსაცმლის მაღაზიაში შევარდა
შემდეგი სტატიაშარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა