პროკურატურა გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა 2018 წლის 12 ივლისს მოკლულ გევორქ სარქისიანის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, აღნიშნულ საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში გაავრცელა ინფორმაცია დამატებით ორი პირისთვის ბრალის წარდგენის შესახებ.

„პროკურატურის განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ სამივე ბრალდებულმა წინასწარი შეთანხმებით, მოკვლის მიზნით, დანებით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა გევორქ სარქისიანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2018 წლის 22 დეკემბრის განცხადების მიხედვით, გამოძიების მიერ მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების, მათ შორის 2018 წლის 14 დეკემბერს მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხების და მოწმეების დამატებითი გამოკითხვის საფუძველზე, ე.მ.-ს მიმართ ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლიდან განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 238’ მუხლის მე-2 ნაწილით).

ასევე, ამავე მუხლით, ბრალი წარედგინა დამატებით ორ პირს, რ.კ.-ს და ს.მ.-ს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 12 ივლისს ს.მ.-ს და ე.მ.-ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ გევორქ სარქისიანთან. მათ, მეგობარ რ.კ.ს-თან ერთად დაგეგმეს სარქისიანის განზრახ მკვლელობა. რ.კ.-მ, ე.მ.-მ და ს.მ.-მ წინასწარი შეთანხმებით, მოკვლის მიზნით, სამივე მათგანმა დანებით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენეს გევორქ სარქისიანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად სარქისიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2018 წლის 12 ივლისს მომხდარი გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიების პირველ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ე.მ.-ს განზრახ მკვლელობის მუხლით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი) წარედგინა ბრალი, ხოლო ოთხი პირის ბრალეულობა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაკვალიფიცირდა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიაჩნია, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის რეპუტაციის შელახვას ემსახურება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მკვლელობის საქმეში მხოლოდ ერთი ბრალდებულის არსებობის შესახებ”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თან ახლავს უწყების მიერ 2018 წლის 22 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშისუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის მორიგი სქემა გამოავლინა – დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების 2 წევრი