პროკურატურა გარიგებას სთავაზობს ყველას, გარდა პოლიტიკოსებისა – სასახლის ღობის საქმე

პროკურატურის შეთავაზება სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულებს – მათ 6 იანვრამდე უნდა გადაწყვიტონ , მისცემენ თუ არა ჩვენებას საგამოძიებო უწყებას და აღიარებენ დანაშაულს სრულად, რომელსაც პროკურატურა ედავება.

საუბარია 41 ბრალდებულზე, რომლებიც სასახლის ღობის საქმეზე დააკავეს და რომლებსაც ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავებიან. მათ შორის არ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამავე საქმეზე არიან დაკავებულები. შესაბამისად, ირკვევა, რომ საპროცესო გარიგებას სთავაზობენ ყველას, გარდა პოლიტიკოსებისა.

ადვოკატები ამბობენ, რომ ციხეებში გამოკეტილი პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, არანაირი მტკიცებულება გააჩნიათ და სხვა ბრალდებულების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა მდგომარეობას არ დაამძიმებს.

“მექანიზმი რა შეიძლება იყოს გამოყენებული ამ ხალხის გასათავისუფლებლად ამის შესაძლებლობას სისხლის სამართლებრივი საპროცესო კოდექსი სრულიად იძლევა. ეს ინდივიდუალურად, ყველა იმ პირის გადასაწყვეტი საკითხია, ვინც იდევნება. ამ ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არანაირად არ დაამძიმებს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა მდგომარეობას, იმ მარტივი მოცემულობიდან გამომდინარე, რომ იქ არანაირი ჯგუფი არ არის, არავითარი ჯგუფურობა არ არსებობს, შესაბამისად, ამ ხალხს თუ გაათავისუფლებენ, თუნდაც იმ ტექსტით, რაც იქნება ჩაწერილი, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მდგომარეობას არ დაამძიმებს”, – აცხადებს ბექა ბასილაია.

ენმ-ის დაკავებული ლიდერის, მურთაზ ზოდელავას მეუღლე კი ამბობს, საპროცესო შეთანხმებაზე შეთავაზება მისი ქმრისთვის არ ყოფილა და ამის შესახებ არანაირი ინფორმაციას არ ფლობს.

“ვერ გავაკეთებ კომენტარს, რა მოტივით აკეთებს ამას პროკურატურა და რატომ სთავაზობს ამ ადამაინებს, ფაქტია, რომ მეც მაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ასეთი შეთავაზებები არსებობს. ორგანიზების ნაწილში, ნამდვილად, რომ არავითარი მტკიცებულება არც ამ საქმეში და არც სხვა დანარჩენში, არ არსებობს, ეს ფაქტია და პროკურატურამაც კარგად იცის. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ მურთაზი იყო პირველი, რომელმაც გააჟღერა და სთხოვა პროცესებზე პროკურატურას, რომ დაკავებულების მიმართ გადაეხედათ საკუთარ გადაწყვეტილებებს და ის ხალხი დაბრუნებულიყო რაც შეიძლება მალე სახლში. განსაკუთრებულად ხაზგასმული იყო მისი მხრიდან, ქალბატონი ევა, რადგან მისი ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მან მიმართა თხოვნით პროკურატურას, რომ სთხოვა გადახედილიყო მისი პატიმრობის საკითხი და მოეძებნათ რაიმე გზა”, – ამბობს მურთაზ ზოდელავას მეუღლე.

banner
წინა სტატიაშიგაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის  საახალწლო შეთავაზებები