პროკურატურა დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოიტანა დადგენილება შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებლის გოდერძი თევზაძის ბრალდების შესახებ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 7 აგვისტოს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დემურ სტურუა, რომელთანაც მანამდე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. მისი დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით, გ.თევზაძემ დ.სტურუა უკანონოდ ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში, წაიყვანა სოფელ იანეთის მიმართულებით, ნაკლებად დასახლებულ ადგილას, სადაც დემურ სტურუას დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა, პოლიციასთან თანამშრომლობას.
გოდერძი თევზაძის მუქარამ გამოიწვია ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დემურ სტურუას შიში, რომ თუ მოთხოვნილ ინფორმაციას არ მიაწვდიდა გ.თევზაძე შეასრულებდა მუქარას. აღნიშნულის შედეგად დ.სტურუამ მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება.
ვინაიდან, გოდერძი თევზაძე თავს არიდებს გამოძიებას, დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ასევე პროკურატურა მიმართავს სასამართლოს დაუსწრებლად გ.თევზაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. გ.თევზაძის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების განხორციელების შემდეგ მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

banner
წინა სტატიაში“ოპონირება არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს თავ-პირი ვამტვრიოთ”- გიორგი ვაშაძე ნოდარ ხადურსა და ზვიად ჯანყარაშვილთან შეხვედრაზე
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი: ყველა გასცდა დიალოგის იმ ფორმას, რომელიც შესაძლებელია