საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გამოძიებით უტყუარად დასტურდება სუიციდის ფაქტი, ხოლო საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
უწყების ცნობით, საქმის ფარგლებში გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი, ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა და აშშ-ის შესაბამისი უწყებების დახმარებით გამოთხოვილ იქნა სრული ინფორმაცია სოციალური ქსელებიდან („Facebook“, „Instagram“). პროკურატურის განცხადებით, ელექტრონულ მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევის ან მონაცემების წაშლის ფაქტები არ დადასტურდა.
გამოძიების მიერ წუთობრივი სიზუსტით აღდგენილი დეტალების მიხედვით:
მედიკამენტების შეძენა და ძებნის ისტორია: 2020 წლის 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა „Google“-ის საძიებო სისტემაში მოიძია ინფორმაცია ფსიქოტროპულ პრეპარატებსა და ლეტალურ დოზებზე, რის შემდეგაც აფთიაქებში შეიძინა დიდი რაოდენობით მედიკამენტები. ექსპერტიზით დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი სწორედ აღნიშნული პრეპარატების ჭარბი დოზით მიღებით გამოწვეული ინტოქსიკაცია გახდა.
გადაადგილების მარშრუტი: „Google Timeline“-ის მონაცემებითა და ვიდეოკამერების ჩანაწერებით დადგინდა, რომ 18 ივლისს იგი მარტო გადაადგილდებოდა საკუთარი ავტომობილით. ბოლო ლოკაცია სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა, სადაც 22 ივლისს ჩაკეტილ ავტომანქანაში მისი ცხედარი იპოვეს.
წერილები და ფსიქო-ემოციური მდგომარეობა: ავტომობილიდან ამოღებულია მის მიერ შესრულებული ხელნაწერი ფურცელი ტექსტით: „ანაბარზე თანხაა გამოიყენეთ“. გარდა ამისა, ვებგვერდ „momavali.me“-ს მეშვეობით მას დაგეგმილი ჰქონდა სამომავლო შეტყობინებების გაგზავნა. ექსპერტიზამ და ვიდეოჩანაწერებმა დაადასტურა მისი მძიმე ფსიქო-ემოციური ფონი და სუიციდური განზრახვა.
პროკურატურის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა სრულად გამორიცხავს თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედების განხორციელებას ან მესამე პირთა ჩართულობას.

















