პროკურატურა არის პოლიტიკური თამაშის მონაწილე – გიორგი მშვენიერაძე ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენაზე

„გამოჩნდა თვალნათლივ, კიდევ ერთხელ, რომ პროკურატურა არის პოლიტიკური თამაშის მონაწილე,“ – ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას.

მშვენიერაძის შეფასებით, პროკურატურის მიერ გირაოს მოთხოვნა სწორედ პოლიტიკური თამაშის ნაწილია.

„პროკურატურა სწორედ პოლიტიკურ საჭიროებიდან გამომდინარე ახორციელებს ამა თუ იმ საგამოძიებო მოქმედებას ან პროცედურას, მათ შორის ბატონი ფარცხალაძისადმი ბრალის წაყენება და შემდეგომ სასამართლოში გირაოს მოთხოვნა არის სწორედ ამ პოლიტიკური თამაშის ნაწილი,“ – ამბობს მშვენიერაძე.

გიორგი მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე გამოძიება სხვა მუხლით უნდა წარმართულიყო, რადგან ყოფილი გენერალური აუდიტორი ღიად ამბობდა, რომ მასზე თავდასხმა მისი საქმიანობიდან გამომდინარე მოხდა.

„როცა ვსაუბრობთ თორდიას ინციდენტზე, ეს არ იყო ჩვეულებრივი ცემის ან ძალადობის აქტი, რომელიც ქუჩაში ორი უცნობი ადამიანის შეხვედრის შედეგად ხდებოდა. ბატონი ლაშა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ეს თავდასხმა განპირობებული იყო სწორედ მისი საქმიანობიდან გამომდინარე. მინიმუმ, გამოძიებას თუ უნდა, რომ ნდობა ჰქონდეს საზოგადოებას მის მიმართ, გამოძიება უნდა ეწარმოებინა იმ მუხლით, რომლითაც ბატონ ფარცხალაძეს ბრალი წაუყენა, არამედ 353-ე პრიმა მუხლით, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელზე მის საქმიანობასთან დაკავშირებულ თავდასხმას გულისხმობს,“ – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

დღეს სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. საქმე ეხება გასულ წელს „ელცენტროში“ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა.

საქმე ძიებაში წელიწადი და 7 თვის განმავლობაში იყო, თუმცა ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი მხოლოდ გუშინ წარუდგინეს.

უფლებადამცველის ინფორმაციით, ფარცხალაძისთვის გირაო ბრალდების მხარემ მოითხოვა. ყოფილი მთავარი პროკურორი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაში„გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა, სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი მუხლებისთვის ხდება დამამძიმებელი გარემოება“
შემდეგი სტატია300 000 ლარი 300 000 დოლარით, მუდმივი ბინადრობის უფლება კი ხუთწლიანი ვადით შეიცვლება