პროკურატურა: ახალი გამოძიებით ნორა კვიციანის უდანაშაულობა დადასტურდა

საქართველოს პროკურატურა განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც კოდორში განვითარებული მოვლენების გამო ნორა კვიციანის (არღვნლიანი) საქმის გადახედა დაიწყო.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, 2006 წლის 25 ივლისს, კოდორში განვითარებული მოვლენების დროს, ბატალიონ „მონადირის“ ხელმძღვანელის ემზარ კვიციანის და მისი თანამებრძოლების დაკავების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული დანაყოფები შევიდნენ კოდორის ხეობაში, სადაც ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი, რომელსაც არანაირი წინააღმდეგობა სამართალდამცავებისთვის არ გაუწევია.

„მიუხედავად ამისა, ნორა კვიციანის ადგილობრივი მოსახლეობის და კოდორისგან ჩამოცილების და გაქცეულ ემზარ კვიციანზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით, სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს ნორა არღვლიანის შეპყრობა. კოდორის ხეობის დაკავებიდან მეორე დღეს, 27 ივლისს, შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ნორა არღვლიანს და ყოველგვარი დაკავების ოქმის შევსების და სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე, მისი უფლებების უხეში დარღვევით, იგი გადაიყვანეს თბილისში მოდულის შენობაში და მხოლოდ 29 ივლისს, მისი შეპყრობიდან 2 დღის შემდეგ დაიწყეს ყალბი მტკიცებულებების შექმნით პროცესების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. კერძოდ, სამართალდამცავების ოფიციალური ვერსიით, ნორა კვიციანის დაკავება თითქოს მოხდა 29 ივლისს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღების შემდეგ. მაშინ როდესაც ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა კვიციანის საცხოვრებელ ბინაში არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა, ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცავები კოდორის ხეობაში საერთოდ არ ყოფილან და კოდორის ხეობაში მათი შესვლისას მისი საცხოვრებელი სახლი ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სიტუაციის მართვის შტაბად გამოიყენებოდა, ნორა კვიციანი კი უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი მოდულის შენობაში ჰყავდათ გადაყვანილი.

ნორა კვიციანის ბრალდების დამძიმების და მისთვის მძიმე სასჯელის დაკისრების მიზნით, მას ასევე წარუდგინეს მითვისების ცრუ ბრალდება, თითქოს 2005 წელს, მან ჰუმანიტარული საქონელი ნაცვლად სოფელ ჩხალთის მოსახლეობისთვის დარიგებისა, თავად მიითვისა და ასევე თითქოს იგი მოუწოდებდა ბატალიონ ,,მონადირის“ წევრებს არ დამორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას. აღნიშნული ბრალდებები სრულად იქნა გამორიცხული ახალი გამოძიებით და დადასტურდა ნორა კვიციანის უდანაშაულობა წარდგენილ ბრალდებებში. ცრუ ბრალდების საფუძველზე ნორა კვიციანი საპატიმრო დაწესებულებაში 6 წელი გაატარა და მისი გათავისუფლება მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2012 წლის ნოემბერში მოხერხდა.

ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ყველა მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა: ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეზე ხელოვნურად შეიქმნა მთელი რიგი მამხილებელი მტკიცებულებები
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: პარლამენტში ჩვენ წარმოვადგენთ მთელ პროდასავლურ ოპოზიციას