პროკურატურა 18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტს აქვეყნებს

admin
ავტ.: admin სექტემბერი 18, 2020 13:18

პროკურატურა 18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტს აქვეყნებს

პროკურატურა 18 ივლისს თამარ ბაჩალიშვილის გადაადგილების მარშრუტს აქვეყნებს. აღნიშნულის მიხედვით, თამარ ბაჩალიშვილი 18 ივლისს, მარნეულის მიმართულებით სოფლების – თელეთის, წალასწყურის, კუმისის, კოდას გავლით გადაადგილდება. ამავე მარშრუტის მიხედვით, ბაჩალიაშვილი სოფელ გოლთეთიდან გზას თეთრიწყაროს მიმართულებით აგრძელებს, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სოფელ მაწევანთან ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს უხვევს და მისი ავტომანქანა ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე ჩერდება.

პროკურატურის ცნობითვე, ავტომანქანაზე დანიშნული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალია აღმოჩენილი, რომელიც დატოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილის „HYUNDAI ACCENT” მიერ.

„გამოძიების მიერ მოპოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის 18 ივლისის გადაადგილების მარშრუტი, რომელიც უტყუარად დასტურდება მის მიერ „google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „timeline“-ის ფუნქციის მიერ ასახული მონაცემებით. თამარ ბაჩალიაშვილს საკუთარ მობილურ ტელეფონში „google“-ის ანგარიშის „timeline“-ის ფუნქცია გააქტიურებული ჰქონდა 2019 წლის მარტიდან. აღნიშნული ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელია პირის გადაადგილების, ადგილმდებარეობის, დროის ასახვა და აღნიშნული მონაცემებით გადაადგილების ისტორია, ინახება კონკრეტული პირის პირად „google“-ის ანგარიშზე.

გამოძიების მიმდინარეობისას, დათვალიერდა თამარ ბაჩალიაშვილის „google“-ის ანგარიში და ანგარიშში არსებული ფუნქცია “your timeline”-„თქვენი ქრონიკა“, რაც ადასტურებს, რომ 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილით გადაადგილებას იწყებს 10:09 საათზე და მოძრაობის დაწყების ადგილად მითითებულია მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი.

10:15 საათზე მიდის ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, რიტა ზურაბაშვილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ჩერდება დაახლოებით 10 წუთი.

10:25 საათზე, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდება რუსთავის გზატკეცილზე.

„Timeline’’- ის გადაადგილების ქრონიკამ ასევე ასახა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილება 18 ივლისს, მარნეულის მიმართულებით სოფლების – თელეთის, წალასწყურის, კუმისის, კოდას გავლით, რის შემდეგაც იგი შედის მარნეულში, უხვევს წრესთან და მიემართება თეთრიწყაროს მიმართულებით, გაივლის სოფელ წინწყაროს, შემდეგ შედის სოფელ გოლთეთში, სადაც შესვლის შემდგომ ჯერ უხვევს მარჯვენა მხარეს, შემდეგ ტრიალდება და გზას აგრძელებს სოფლის სიღრმისკენ, გადის გარკვეულ მანძილს, ტრიალდება უკან და ჩამოდის სოფელ გოლთეთიდან ცენტრალურ გზაზე, შემდეგ გზას აგრძელებს თეთრიწყაროს მიმართულებით, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სოფელ მაწევანთან ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს უხვევს და 12:13 საათზე მისი ავტომანქანა ჩერდება ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე, აღნიშნული ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის გუგლის ანგარიშის „timeline’’-ის მიხედვით, ბოლო ლოკაციაა, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი. ასევე დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არ სარგებლობდა გზამკვლევი ელექტრონული პროგრამით და არ აქვს მოძიებული კონკრეტული ადგილი.

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის 18 ივლისს გადაადგილების მარშრუტის გარკვეული მონაკვეთები, ასევე დასტურდება გამოძიების მიერ მოპოვებული 112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით.

ასევე გაგაცნობთ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაზე დანიშნული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალი, რომელიც დატოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილის „HYUNDAI ACCENT” მიერ.

დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის წინა მარცხენა საბურავის სარბენი ბილიკის კონფიგურაცია მთლიანად შესაბამისობაში მოდის ექსპერტიზაზე წარდგენილ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნიადაგის ზედაპირზე არსებულ ნახატის კონფიგურაციასთან, როგორც ვიზუალური, ასევე – ტექნიკური თვალსაზრისით. ექსპერტიზას დაესვა კითხვა თუ როგორ მოხდა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის შემთხვევის ადგილზე გადაადგილება და ხომ არ მოხდა ავტომანქანის ბუქსირით გათრევა, რაზეც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ „HYUNDAI ACCENT”-ის მიერ დატოვებული ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალი და რომ მძღოლის მიერ ავტომანქანის გადაადგილება ექსპლუატაციის პირობებშია მომხდარი. ამდენად, ავტომობილის გარეშე ძალით, ბუქსირით ან გათრევით გადაადგილება გამოირიცხა.

ასევე, რადგან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და ოჯახის ადვოკატის მიერ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის ჰაკერულ საქმიანობასთან დაკავშირებით, იმის დასადგენად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატულ კომპიუტერში და მისი ავტომანქანიდან ამოღებულ “სამსუნგი”-ს ფირმის მობილურ ტელეფონში ხომ არ იძებნებოდა ე.წ. “ჰაკერული” ტიპის პროგრამები, გამოძიების მიერ დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა“, – განაცხადა გულუაშვილმა.

admin
ავტ.: admin სექტემბერი 18, 2020 13:18