პროგნოზირებად მომავალში პუტინის იმპერიალისტურ რუსეთთან პარტნიორობა წარმოუდგენელია – შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ბუნდესტაგში სპეციალური მიმართვის დროს აღნიშნა, რომ NATO-ს წევრ ქვეყნებს შეუძლიათ ბერლინის იმედი ჰქონდეთ. მისი თქმით, გერმანია პასუხისმგებლობას იღებს არამარტო საკუთარი თავის, არამედ მოკავშირეების თავდაცვაზეც. კანცლერმა ამის დასტურად, თავდაცვის გაძლიერებისთვის, ბიუჯეტიდან დამატებით 100 მილიარდი ევროს გამოყოფა და ბუნდესვერის (ჯარის) თანამედროვე და ძლიერი შეირაღებით აღჭურვის ინიციატივას გაუსვა ხაზი.

“უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წინაშე გაგვაჩნია. გერმანიის შეირაღებული ძალები აღიჭურვება ისე, რომ შეძლოს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეების დაცვა, ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში. ეს არის ახალი ბუნდესვერის სტანდარტი”. – თქვა შოლცმა.

ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინა იღებს ყველა იმ აუცილებელ იარაღს, რომლებიც მას ომის ამჟამინდელ ფაზაში სჭირდება. მისი თქმით, გერმანიის მთავრობა, NATO-ს სხვა წევრების მსგავსად, გამოაქვეყნებს იმ შეიარაღების სიას, რომლებიც ქვეყანამ უკრაინაში უკვე გააგზავნა.

გარდა ამისა, შოლმცა აღნიშნა, რომ “პროგნოზირებად მომავალში პუტინის აგრესიულ და იმპერიალისტურ რუსეთთან პარტნიორობა წარმოუდგენელია” და გერმანია უკრაინის ეკონომიკურ და სახმედრო მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.

კანცლერის თქმით, უკრაინის რეკონსტრუქცია “თაობების ამოცანა” იქნება. შოლცმა ახსენა მარშალის გეგმა, რომლის ფარგლებშიც, აშშ-მ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დასავლეთ ევროპის აღსადგენად მილიარდობით დოლარი დახარჯა. შოლცის თქმით, მან უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი შვიდეულის შეხვედრაზე სწორედ უკრაინისთვის შესამუშავებელი მარშალის გეგმის საკითხის განსახილველად მიიწვია.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – ნამდვილად იქნება უსამართლო, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს
შემდეგი სტატიასაქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა, მათ განაცხადს გააჩნია ძალა, თუმცა წარმატებისთვის ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად – ლაიენი