პროცესი „იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც მტკიცებულებების შესაგროვებლად იქნება საჭირო“

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 28, 2016 17:20

პროცესი „იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც მტკიცებულებების შესაგროვებლად იქნება საჭირო“

ჰააგა 2008 წლის ომს გამოიძიებს (სასწრაფო ნიუსი)სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა ფატუ ბენსუდამ, რომელსაც წინასასამართლო პალატის სამმა მოსამართლემ თანხმობა მისცა გამოიძიოს 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, მისი მიმდინარეობისას და დამთავრების შემდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები, განაცხადა, რომ საგამოძიებო პროცესი „იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც მტკიცებულებების შესაგროვებლად იქნება საჭირო“.

„მოსამართლეების დღევანდელი გადაწყვეტილება საგამოძიებო პროცესის დაწყებას ნიშნავს“, – განაცხადა მან 27 იანვარს, „ეჭვმიტანილების დასახელება მოსალოდნელია გვიან ეტაპზე და ეს მკაცრად დაეფუძნება იმ მტკიცებულებებს, რომელთაც შევაგროვებთ“.

ჰააგაში განთავსებულმა სასამართლოს სამი მოსამართლისაგან შემდგარმა წინასასამართლო პალატამ დაახლოებით სამი თვის თავზე დააკმაყოფილა პროკურორ ბენსუდას 160–გვერდიანი თხოვნა, სადაც ის საქართველო-რუსეთის ომის დროს სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების დაწყებაზე სანქციას ითხოვდა.

ამ შუამდგომლობაში, რომელიც მოსამართლეთა პალატას 2015 წლის 13 ოქტომბერს წარედგინა, დეტალურად არის აღწერილი ქართულ, რუსულ და სამხრეთ ოსურ მხარეებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულები და მას ასევე თან ახლავს კონფიდენციალური დანართი, რომელიც შეიცავს „იმ პირების ან ჯგუფების სიას, რომელთაც სავარაუდოდ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყველაზე სერიოზულ დანაშაულებზე, მათი კონკრეტული როლის მითითებით“.

„ჩემი ოფისი საკუთარი გამოძიების ფარგლებში შეაგროვებს მტკიცებულებებს სხვადასხვა წყაროებიდან“, – განაცხადა პროკურორმა ბენსუდამ.

„მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავალთ მომდევნო ეტაპზე, თუ გამოძიების პროცესში ჩემი ოფისის მიერ შეგროვებული მტკიცებულებებით შეიქმნება დასაბუთებული საფუძველი იმისა, რომ დავიჯეროთ პირის მიერ ICC-ის [იურისდიქციის ქვეშ მოქცეული] დანაშაულების ჩადენა,“, – განაცხადა მან.

„როცა ეს დრო დადგება, მე შემეძლება მოვთხოვო მოსამართლეებს გასცენ დაპატიმრების ორდერი ან გამოიძახონ სასამართლოში ის პირები, რომლებზეც ჩვენი მტკიცებულებები სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, გამოძიება „იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი“.

„ჩვენ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში საგამოძიებო მოქმედებების ასპექტების არცერთ დეტალს არ ვასაჯაოებთ; ეს სრულიად კონფიდენციალურია“, – განაცხადა ICC-ის პროკურორმა.

„ოფისი გამოძიების პროცესში ყველა მხარისგან სრული მხარდაჭერისა და თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს“, – აღნიშნა მან.

საქართველო, როგორც რომის სტატუტს მიერთებული ქვეყანა, რომლის საფუძველზეც ICC ჩამოყალიბდა, ვალდებულია სრულად ითანამშრომლოს ICC-თან – ეს ვალდებულება არ ვრცელდება რუსეთზე, რადგანაც ის ICC–ის წევრი არ არის.

გამოძიება მოიცავს დროის მონაკვეთს, რომელიც ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვით ადრე, 2008 წლის 1 ივლისიდან იწყება და 2008 წლის 10 ოქტომბერს სრულდება, როდესაც რუსეთმა თავისი შეიარაღებული ძალები იმ ტერიტორიებიდან გაიყვანა, რომლებიც მას სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მიღმა ჰქონდა ოკუპირებული.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 28, 2016 17:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics