“პროცესები უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის ფორმატს იძენს”-ლევან კობერიძე

პროცესები უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის ფორმატს იძენს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ლევან კობერიძემ აღნიშნა, მისთვის წარმოუდგენელია, რომ პროცესები პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყოს.

„ჩვენ ახლა სპექტაკლის მომსწრეები ვართ, რომელიც საკმაოდ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის ფორმატს იძენს. ის ადამიანები, რომლებიც ხელის მომწერები თვითონ არიან, რატომღაც უცებ ასე დამწკრივებულები სათითაოდ აკეთებენ განცხადებას და ეჭვქვეშ აყენებენ, ღირს თუ არა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ეს შეთანხმებული არ იყოს, მათ შირის ბიძინა ივანიშვილთან და ერთიანი სცენის ნაწილი არ იყოს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ქვეყანაში კიდევ უარესი მდგომარეობა გვაქვს. მაშინ ეს არის დადასტურება იმის, რომ „ქართული ოცნება“ უკვე ძალიან საშიშია, როდესაც ის ხელისუფლებაშია და საშიშია, როდესაც ქვეყანას მართავს. რადგან მას თავისი გუნდის შიგნით ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს არ ძალუძს გამოაჩინოს ერთიანობა.

სავარაუდოდ, 2020 წლის არჩევნებზე სიაში ადგილის გამყარების მიზნით ცალკეული დეპუტატები ვაჭრობენ და ქვეყანაში ასეთ დესტაბილიზაციას ქმნიან. ან ეს რეალურად არის თამაში და სპექტაკლი იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნება“ დაანახოს პირველ რიგში ჩვენს პარტნიორებს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ეს არის არა ახალგაზრდების სამართლიანი პროტესტის შედეგი, არამედ მათი პოლიტიკური დივიდენდია ქვეყნის დემოკრატიაში. მათ ეს არ გამოსდით და ამაზე არიან ძალიან დადარდიანებული“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

banner
წინა სტატიაშისრულიად უადგილოა კამათი, რომელი საარჩევნო სისტემაა ქვეყნისთვის მისაღები, რადგან პროპორციულზე გადასვლა კონსტიტუციაში უკვე წერია
შემდეგი სტატია“თავი დაანებეთ ნაციონალური მოძრაობის ნარატივში ტივტივს”-ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს