პრობლემა ის კი არ არის, კარასინი რას იტყვის, არამედ ის, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერები შეხვედრებზე საქართველოს თემას არ ეხებიან

პრობლემა ის კი არ არის, კარასინი რას იტყვის, არამედ ის, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერები შეხვედრებზე საქართველოს თემას არ წამოჭრიან ხოლმე, რადგან ამ საკითხზე საქართველოს მთავრობა არ მუშაობს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი გიორგი კანდელაკმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

​გრიგორი კარასინმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსულ მედიას განუცხადა, რომ „საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და მის ტერიტორიაზე ნატო-ს მასშტაბური სწავლებები რუსეთთან ურთიერთობების განვითარებას ხელს უშლის“.

„რუსეთი მსგავს განცხადებებს ადრე, წლების წინაც აკეთებდა. ბალტიის ქვეყნებთან მიმართებაშიც ზუსტად იგივე გზავნილები ჰქონდა, სანამ ისინი ნატო-ში შევიდოდნენ. პრობლემა ის კი არ არის, კარასინი რას იტყვის, არამედ პრობლემაა, რომ ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკის შედეგად, მაგალითად, ამერიკის პრეზიდენტი ან გერმანიის კანცლერი რომ ხვდებიან პუტინს, იმ შეხვედრაზე თავისუფალი სამყაროს ლიდერები საქართველოს თემას არ წამოჭრიან ხოლმე, რადგან ამ საკითხზე საქართველოს მთავრობა არ მუშაობს.

ცოტა ხნის წინ მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრი გამოვიდა. მოვუწოდეთ, მაგრამ მაინც არ დააყენა სანქციების ახალ პაკეტში საქართველოს თემატიკის შეტანის საკითხი. არ მოითხოვა და თუ არ მოითხოვე, რატომ მოგეცემა? ამ შემთხვევაში, პრეტენზია უნდა გვქონდეს არა კარასინთან, არამედ საქართველოს მთავრობასთან, რადგან რუსეთის მტრული დამოკიდებულება ჩვენს თავისუფლებასთან და არსებობასთან ცნობილია. ისიც ცნობილია, რომ ნატო-ში გაწევრიანებაზე საქართველომ უარი რომ თქვას, რუსეთი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მაინც არ აღადგენს და ჩვენს დევნილებს არ დააბრუნებს, რომლებიც საკუთარი სახლებიდან თვითონ გამოდევნა. საქართველოს საკითხმა დასავლეთ რუსეთის ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში დიდი ხანია დაიწია და საერთოდ გაქრა“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატს-მდივანს, მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა 27 თებერვალს პრაღაში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშილიბერთი ბანკის ახალი დააყაჩაღება
შემდეგი სტატიახვალიდან ტაქსის მძღოლები მანქანის გადაღებვისა და ქიმიური წმენდისთვის საჭირო ვაუჩერებს მიიღებენ