სოფელ კარალეთში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა,_ ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“სოფელ კარალეთში მდებარე შპს “კარა 1980-სა” და ინდმეწარმე ნ. გ.-თან განხორციელებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები საქმიანობდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. შპს “კარა 1980-ში” დაილუქა საეჭვო წარმომავლობის მწყერის ხორცი, ხოლო ინდმეწარმე ნ. გ.-ის სასაკლაოზე – ქათმის ხორცი.
გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები – ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად გაიარონ აღიარებისთვის სავალდებულო პროცედურები და სურსათის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის დროს დაიცვან უვნებლობის მოთხოვნები”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

















