„პრინციპულია ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო არ ექვემდებარებოდეს სუს-ს”- ჩიხრაძე

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე დღეს საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა.
„ევროპულ საქართველოსთან”, “მოძრაობა თავისუფლებისათვის – ევროპულ საქართველოსთან”, ”საქართველოს პატრიოტებთან” და ,”ნაციონალურ მოძრაობასთან” შეხვედრაზე ფიქრია ჩიხრაძემ დეპუტატებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ოფიციალური წერილისა და თხოვნის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ყველა ოპოზიციური ფრაქცია თანხმდება, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არცერთ შემთხვევაში, არ უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში, არც ხელმძღვანელის დანიშვნის თვალსაზრისით, არც ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.

პრინციპულად და გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტით დაბალანსებული და დაცული იყოს სახელმწიფო ინტერესები, ბიზნესინტერესები და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულება და ამავე პროექტმა უზრუნველყოს პიროვნების პოლიტიკური თავისუფლებები.

“ჩვენი წინადადებაა, რომ ეს ახალი სამსახური მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პერსონის- პრემიერის დაქვემდებარებაში გადავიდეს. მასთან იყოს ანგარიშვალდებული, უფრო მეტი გახსნილობა და ღიაობა შემოვიტანოთ პროექტში სწორედ აი ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის შემოტანის თვალსაზრისით”,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ.

მისი განცხადებით, ოპოზიციამ გამოთქვა მოსაზრებები, კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი სააგენტოს კონტროლის მექანიზმების გამყარებასთან დაკავშირებით, ეს და სხვა მრავალი საკითხი შესაძლებელია, უკვე მეორე მოსმენისას დადგეს.

“არის სხვადასხვა მოსაზრებები პარლამენტის ჩართულობის გაძლიერების, მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციებისა და სასამართლოს ფუნქციის გაძლიერების მიმართულებითაც.

მაგრამ პრინციპულზე პრინციპული და ფუნდამენტურია, რომ ეს სამსახური არ იყოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში, როგორც პერსონალურად, ასევე ანგარიშვალდებულებით”, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლო უჩა ნანუაშვილს სასამართლოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაპენიტენციური სისტემის ექთნები ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე სპეციალურ სასწავლო პროგრამას გაივლიან