პრინციპული საკითხია ამ მანიფესტაციის ღიად მხარდაჭერა ყველა მოქალაქის მხრიდან, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი – ბოკერია პრაიდზე

“ევროპული საქართველოს” თავჯდომარე, გიგა ბოკერია, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების განცხადებებს ეხმაურება პრაიდის კვირეულის შესახებ.

ბოკერიას თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების განცხადებები პირდაპირ ძალადობის წახალისებაა, ხოლო ივანიშვილის რეჟიმი, რომელსაც ვალდებულება აქვს ყველა მოქალაქის დაცვის, სიგნალს უშვებს, რომ მოსახლეობის კონკრეტულ ნაწილს არ აქვს იგივე უფლებები რაც ყველა დანარჩენს.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ მანიფესტაციის ღიად მხარდაჭერა პრინციპული საკითხია და მას მხარი უნდა დაუჭიროს ყველამ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი და თავისუფლება.

„ერთი მხრივ, ქართული ოცნების ლიდერები და მეორემხრივ, სასულიერო პირები აგრძელებენ პირდაპირ ძალადობის წახალისებას ამ განცხადებებით. სასულიერო პირებისგან განსხვავებით, ივანიშვილის რეჟიმს აქვს ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების დაცვის და ამ ვალდებულების შესრულების მაგივრად, ვიმეორებ, პირდაპირ სიგნალს უშვებს, რომ ზოგიერთ ჩვენ მოქალაქეს, მათი აზრით არ აქვს იგივე უფლებები, რაც ყველა დანარჩენს.
ეს არის საფრთხე არამხოლოდ ამ უმცირესობის ჯგუფისთვის, რომელიც ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობაშია, სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულების და ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის გამო, არამედ ყველა ჩვენთაგანის თავისუფლების საფრთხეა.

ამიტომ არის პრინციპული საკითხი ამ მანიფესტაციის ღიად მხარდაჭერა ყველა მოქალაქის, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალის მხრიდან, ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის მომავალი, თავისუფოლება და ჩვენი თავისუფლება არის ძვირფასი.“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიწულაია პოლიტიკაში რჩება: ვიბრძოლებ ბოლომდე
შემდეგი სტატია“გვანცუშკები…შენი საქმე არაა სად წავალ” -მოსამართლეობის კანდიდატის ტერმინოლოგია ხმოვან შეტყობინებაში