პრინციპულად და ინსტიტუციონალურად არასწორია ერთი სამინისტროს ხელმძღვანელის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 30, 2019 22:17

პრინციპულად და ინსტიტუციონალურად არასწორია ერთი სამინისტროს ხელმძღვანელის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნა

„ევროპულის საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ინსტიტუციონალურად არასწორია, როდესაც ერთი სამინისტროს ხელმძღვანელი უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ინიშნება.

როგორც ჟურნალისტებს ბოკერიამ შს მინისტრის გიორგი გახარიას უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნის შეფასებისას განუცხადა, თვითონ უსაფრთხოების საბჭოს მოწყობაა არასწორი და ის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ბოკერიას თქმით, შეუძლებელია მდივანმა მაკოორდინირებელი ფუნქციები შეასრულოს იმ დროს, როდესაც საბჭოში შემავალი ერთ-ერთი უწყების ხელმძღვანელი თავადაა.

„პრინციპულად და ინსტიტუციონალურად არასწორია ერთი სამინისტროს ხელმძღვანელის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნა, რადგან მისი ამოცანა არის კოორდინაცია, მათ შორის იმ შემთხვევებში, თუ არსებობს რაღაც უწყებრივი წინააღმდეგობები. ამ შემთხვევაში ის უნდა იყოს პრემიერ-მინისტრის მიერ უფლებამოსილი ფიგურა, რომელიც პრემიერის პოლიტიკურ ნებას ატარებს და არა რომელიმე კონკრეტული უწყების ინტერესებს უსაფრთხოების საბჭოში. აქ საუბარი არ მაქვს პერსონალიებზე, არამედ ვსაუბრობ არასწორ მოწყობაზე. კანონი იყო მიღებული ისეთი, რომელიც იმსახურებდა მრავალნაირ კრიტიკას. პირველ რიგში პრეზიდენტის წარმომადგენელი არ არის უსაფრთხოების საბჭოში, რომელიც ომის შემთხვევაში ან რაიმე სახის ამ ტიპის საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მთავარსარდალი ხდება და აბსურდია, რომ ფიგურა, ვინც არ უნდა იყოს ის, ასეთი განსაცდელის ჟამს ქვეყანას რომ უნდა გაუძღვეს, იქამდე უშიშროების საკითხებზე არ არის „დაბრიფული“ ან მისი „დაბრიფვა“ დამოკიდებულია კეთილ ნებაზე“, – განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ კატასტროფულია ქვეყნისთვის ის ვითარება, რომელიც შს მინისტრის გიორგი გახარიასა და ზოგადად ხელისუფლების გარშემოა შექმნილი.

„ის რაც ვიხილეთ პანკისის ხეობაში – ერთდროულად უძლურების, არათანმიმდევრულობის და უსამართლობის გამოხატულება, რომელიც ქვეყანას აზიანებს და დიდ რისკებს უქმნის და მერე რაღაც ინტრიგები, ურთიერთბრალდებები და ვისი ბრალი იყო, ამაზე ჭორების გავრცელება. ეს კატასტროფაა ჩვენი ქვეყნისთვის ზოგადად“, – განაცხადა ბოკერიამ.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დაეკისრა. ამასთან, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პირველად 1 მაისს შეიკრიბება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 30, 2019 22:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,001
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics