პრინცი ჰარი – ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო

მინდა სიმართლე მოისმინოთ ჩემგან, არა როგორც პრინცისგან ან ჰერცოგისგან, არამედ როგორც ჰარისგან: ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, – ამის შესახებ პრინცმა ჰარიმ სამეფო ტიტულზე უარის თქმის შესახებ კომენტირებისას განაცხადა. სასექსის ჰერცოგის თქმით, მას და მის მეუღლე მეგანს სურდათ, დედოფლის სამსახურში დარჩენილიყვნენ ისე, რომ სახელმწიფოსგან დაფინანსება არ მიეღოთ, თუმცა ეს „შეუძლებელი“ იყო, რის გამოც, წყვილი იძულებული გახდა, სამეფო ტიტულზე უარი ეთქვა. „გაერთიანებული სამეფო ჩემი სახლი და ის ადგილია, რომელიც მიყვარს და ეს არასდროს შეიცვლება. ბებიაჩემის, ჩემი მხედართმთავრის მიმართ ყოველთვის უაღრესად დიდი პატივისცემა მექნება,“- განაცხადა პრინცმა ჰარიმ. მისივე თქმით გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, იოლი არ ყოფილა. „გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი მეუღლისა და ჩემს გამო მივიღე, იოლი არ ყოფილა. ეს იყო რამდენიმე წლიანი გამოწვევის შემდეგ, რამდენიმე თვიანი საუბრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. ვიცი, ყოველთვის მართალი არ ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა გზა ნამდვილად არ იყო,“- განაცხადა ჰარიმ. გუშინ, ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი „მისი სამეფო უმაღლესობის“ ტიტულით აღარ ისარგებლებენ, სახელმწიფო სახსრებს აღარ მიიღებენ და დედოფალს ოფიციალურად აღარ წარმოადგენენ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: დაიმახსოვრეთ, ხალხის ენერგიას ვერანაირი პერო ვერ დაუდგება წინ
შემდეგი სტატიარუსეთში მოსახლეობამ დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფორმები გააპროტესტა