ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი საკუთარ ტელეგრამ-არხზე კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეხმაურება.
კადიროვის თქმით, ის და პრიგოჟინი დიდი ხანი მეგობრობდნენ და ერთად უწევდათ “ყველაზე რთული საკითხების გადაჭრა”. მისივე თქმით, რუს ოლიგარქს კომუნიკაციის უნიკალური ნიჭი ჰქონდა. კადიროვის თქმით, პრიგოჟინი მასთან, გროზნოში პირველივე მოწვევაზე ჩავიდა. მისივე მტკიცებით, პრიგოჟინთან ერთად თანამშრომლობდა გარკვეულ საკითხებზე ლიბიასთან და აფრიკასთან დაკავშირებით.
“ერთ-ერთი ვიზიტის დროს მან ვაგნერის მედალი გადმომცა განსაკუთრებული დამსახურებისთვის. ამ მომენტს ხედავთ ფოტოზეც”. – თქვა კადიროვმა ცნობილ ფოტოზე, რომელშიც მის გვერდით ევგენი პრიგოჟინი დგას.
კადიროვის მტკიცებით, ბოლო ხანებში პრიგოჟინი ვერ ხედავდა თუ რა ხდებოდა ქვეყანაში და მას პირადი ინტერესების გვერდზე გადადებისკენ მოუწოდებდა.
“ევგენი ვიქტოროვიჩი საკუთარი ასაკისთვის ძალიან აქტიური იყო, სახელმწიფო მასშტაბით მნიშვნელოვანი პიროვნება. მაგრამ ბოლო ხანებში ის ან ვერ ხედავდა, ან არ სურდა დაენახა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების სრული სურათი. მას ვთხოვდი პირადი ამბიციები გადაედო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის უპირველესი საქმეების სასარგებლოდ. მაგრამ ასეთი იყო, პრიგოჟინი, თავისი რკინის ხასიათითა და სურვილით, მიეღწია ყველაფრისთვის აქ და ახლა”. – წერს კადიროვი.
კადიროვის თქმით, პრიგოჟინმა ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, ანუ უკრაინაში მიმდინარე ომში დიდი წვლილი შეიტანა და ამას “ვერ წაართმევენ”.
“მისი სიკვდილი დიდი დანაკარგია მთელი სახელმწიფოსთვის”. – წერს კადიროვი და პრიგოჟინის ახლობლებს უსამძიმრებს.