11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

ფრიდრიხ მერცი: არ გვინდა, რომ ნატო აშშ-ირანის ომის გამო გაიყოს

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მათ არ უნდათ, რომ ნატო აშშ-ირანის ომის გამო გაიყოს.

მისი თქმით, ალიანსი ევროპული უსაფრთხოების მთავარი გარანტორია და საჭიროა ერთიანობის შენარჩუნება.

„ჩვენ არ გვინდა, მე არ მინდა, რომ ნატო გაიყოს. ნატო არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, მათ შორის და პირველ რიგში, ევროპაში. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა შევინარჩუნოთ ცივი გონება“, – განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანია ალიანსის გაძლიერება.

„ამ ეტაპზე ამ ალიანსს ალტერნატივა არ აქვს, ამიტომაც ჩემი განსაკუთრებული ინტერესია მისი შენარჩუნება და განვითარება ამერიკის პრეზიდენტთან ერთად“, – განაცხადა მერცმა.

მისივე თქმით, გერმანიას მნიშვნელოვანი ინტერესი აქვს ახლო აღმოსავლეთში დიპლომატიური წარმატების მიღწევაში, რადგან ეს პირდაპირ უკავშირდება როგორც რეგიონულ სტაბილურობას, ისე გლობალურ და ეროვნულ ეკონომიკას.

„გერმანიას ფუნდამენტური ინტერესი აქვს დიპლომატიური წარმატების მიღწევაში. ამაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ რეგიონული სტაბილურობა, არამედ გლობალური ეკონომიკის განვითარება და ჩვენი საკუთარი ეკონომიკის მდგომარეობაც. ამიტომ გერმანიის მთავრობა გააგრძელებს დიპლომატიური პროცესის მხარდაჭერას ყველანაირი გზით. ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა და დავეხმაროთ მშვიდობის სტაბილიზაციას, თუ ის მიღწეული იქნება“, – განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს ესაუბრა და მოლაპარაკებების აქტიურად გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„გუშინ კიდევ ერთხელ ვისაუბრე პრეზიდენტ ტრამპთან. მე მოვუწოდე მას, სერიოზული განზრახვით გააგრძელოს მოლაპარაკებები და ჩაერთოს მათში. ამავე დროს, დავარწმუნე, რომ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ გერმანია დაეხმარება ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფას, თუ ამისთვის შესაბამისი მანდატი და მდგრადი გეგმა იარსებებს“, – აღნიშნა მერცმა.

მისივე თქმით, გერმანია ასევე აღადგენს პირდაპირ კონტაქტს ირანთან.

„როგორც იცით, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რომელსაც სერიოზული მიზეზები ჰქონდა, გერმანიის მთავრობა ახლა კვლავ აახლებს დიალოგს თეირანთან. ჩვენ ამას ვაკეთებთ შეერთებულ შტატებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით. ჩვენი მიზანია, ამ გზით შევიტანოთ საკუთარი წვლილი მომავალი მოლაპარაკებების წარმატებაში“, – განაცხადა მერცმა.

banner
წინა სტატიაშინათია კუპრაშვილი ქართულ-ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე გახდა
შემდეგი სტატიაკირ სტარმერი: ცეცხლის შეწყვეტის შესანარჩუნებლად მუშაობაა საჭირო