ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა

პუბლიცისტი და საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა. ბოლო დროს მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ფრიდონ საყვარელიძე რესპუბლიკური პარტიისა და მისი ეროვნული კომიტეტის წევრი იყო. სწორედ რესპუბლიკური პარტიის სახელით იყო ის პარლამენტში, თუმცა 2 წლის წინ არჩევნების შემდეგ ფრიდონ საყვარელიძემ პარტია დატოვა და დავით უსუფაშვილის “შენების მოძრაობას” შეუერთდა.
ფრიდონ საყვარელიძე იყო „ქრისტიანული განათლების ფონდის” დირექტორი. ასევე ავტორია რამდენიმე სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიისა მედიცინაში. 1998 წელს შეადგინა და გამოსცა „ადამიანის უფლებათა ლექსიკონი”. წერდა საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით გამომავალ ჟურნალ „სოლიდარობაში“ ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების, რელიგიის, პოლიტიკური იდეოლოგიების და დემოკრატიის საკითხებზე.
სხვადასხვა დროს მისი რედაქტორობით გამოიცა: „შენიშვნები ადამიანის უფლებებისა და ადამიანის უფლებების მონიტორინგის შესახებ“, „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საფუძვლები“, „ადამიანის უფლებათა მონიტორინგი“, „ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო წამების წინააღმდეგ“.
არის ავტორი წიგნისა „მადამ გილიოტინას საყვარლები“, თანაავტორი წიგნებისა — „საქართველოს კონსტიტუცია (შინაარსისა და საფუძვლების მიმოხილვა)“, „ადამიანის უფლებები და ქართული კულტურა“, „დემოკრატია და ქართული კულტურა“.
ოთარ ზოიძესთან ერთად ქართულ ენაზე თარგმნა მეოცე საუკუნის ღვთისმეტყველის, პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის წიგნები: „მართლმადიდებლობის ისტორიული გზა“, „ცოცხალი რწმენის შესახებ“, „ევქარისტია“, „ღვთისმსახურება და ღვთისმეტყველება“.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაბრიუსელში ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონში ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი