„ფრიდომ ჰაუსის“ 2019 წლის რეიტინგში საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუსმა“ (Freedom House) მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2019 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. კვლევაში საქართველოს 100-დან 63 ქულა აქვს მინიჭებული. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს 64 ქულა ჰქონდა.

გასული წლის მსგავსად, ადამიანის თავისუფლების, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ საქართველოს შვიდიდან სამი ქულა აქვს მინიჭებული (ერთი ქულა – უფრო მეტად თავისუფალი, შვიდი ქულა – ყველაზე ნაკლები).

როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზეა აღნიშნული, საქართველოში თავისუფლების შესახებ სრული ანგარიში მოგვიანებით გამოქვეყნდება.

კვლევის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე თავისუფალ ქვეყნებად დასახელდნენ ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი. მათ მაქსიმალური, 100 ქულა აქვთ მინიჭებული.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ე.წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარება არათავისუფალია და 10 ქულით ფასდება, აფხაზეთი კი ნახევრად თავისუფლად ფასდება 41 ქულით. ამასთან, ანგარიშში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ფიფქით არის მონიშნული, რაც ნიშნავს, რომ ორივე მათგანს „ფრიდომ ჰაუსი“ ტერიტორიად და არა ცალკე ქვეყნებად მიიჩნევს.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ მსოფლიოში თავისუფლების გლობალური მაჩვენებელი უკვე 13 წელია, კლებას განიცდის, ხოლო იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც თავისუფლების მაჩვენებელი გაუარესებულია, მუდმივად აღემატება იმ სახელმწიფოების რაოდენობას, სადაც გაუმჯობესების ტენდენცია შეინიშნება.

„ფრიდომ ჰაუსმა“ მსოფლიოში თავისუფლების შესახებ მიმდინარე წლის ანგარიშის ფარგლებში აშშ-ში დემოკრატიის მდგომარეობის სპეციალური შეფასებაც წარმოადგინა. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ამერიკული დამოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობას გამოცდას უტარებს და მთელ მსოფლიოში პოლიტიკურ უფლებებსა და სამოქალაქო თავისუფლებებს საფრთხეს უქმნის.

„იმის მიუხედავად, რომ ამერიკაში დემოკრატია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად კვლავ მდგრადია, ის მნიშვნელოვნად შესუსტდა ბოლო რვა წლის განმავლობაში და ამჟამინდელი პრეზიდენტის თავდასხმები კანონის უზენაესობაზე, ფაქტებზე დაფუძნებულ ჟურნალისტიკაზე და დემოკრატიის სხვა პრინციპებსა და ნორმებზე მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების საფრთხეს ქმნის“, – ნათქვამია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა ნიქოზიდან მღვდელი გაიტაცეს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძის პარლამენტში გამოსვლას პრემიერი, მინისტრები და თბილისის მერი დაესწრებიან