დავით უსუფაშვილი: პრეზიდნეტის გამოსვლაზე დასწრების ვალდებულება, პარლამენტის წევრებს და პრეზიდენტს აქვთ

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე დასწრების ვალდებულება მხოლოდ პრეზიდნეტს და პარლამენტის წევრებს აქვთ.

დავით უსუფაშვილის თქმით, მთავრობის წევრების დასწრება, საკანონმდებლო ორგანოში, პრეზიდენტის გამოსვლაზე სავალდებულო არ არის, თუმცა მათ სურვილის შემთხვევაში პარლამენტში მისვლა შეუძლიათ.

“საქართველოს პრეზიდენტის მოსვლა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით უნდა გახდეს ისეთი ჩვეულებრივი მოვლენა ქვეყნისთვის, როგორიც ახალი წლის მოსვლა. პრემიერ-მინისტრმა სწორედ ამაზე ისაუბრა რამდენიმე დღის წინ. მისი პოზიცია იყო ის, რომ ეს არის ჩვეულებრივი, მნიშვნელოვანი მოვლენა და თუ მას რაიმე სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე არ ექნება, ის ამ შეხვედრას დაესწრება ხოლმე. იგივე პოზიცია აქვთ მთავრობის წევრებსაც და ასე, რომ მემგონი ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია. ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენაზე, შესაბამისად, ამ დღეს პარლამენტის სხდომაზე ყოფნის ვალდებულება აქვთ პარლამენტის წევრებს და პრეზიდენტს. არიან სხვა თანამდებობის პირები, რომლებსაც აქვთ უფლება დაესწრონ სხდომებს. ამიტომ, მე მგონია, რომ ეს თემა აქ უნდა დავასრულოთ. ეს არის ფორმატი და რეალობა”, – განაცხადა უსუფაშვილმა

რაც შეეხება პრეზიდნეტის სიტყვით გამოსვლის ფორმატს, როგორც უსუფაშვილი აცხადებს, ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი ორი ვარიანტიდან რომელ ფორმატს აირჩევს პარლამენტი.

“გვაქვს ორი ფორმატი – ერთი ფრაქციების წარმომადგენლები გამოდიან დადგენილი რეგლამენტით. მეორე შემთხვევაში, თუ იქნება დებატები ამას ემატება ჩემი გამოსვლა, ვიცე-სპიკერების გამოსვლა და ფრაქციის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრების გამოსვლა. დებატების შემთხვევაში, უმრავლესობას გაცილებით მეტი დრო ხვდება. ხვალ ბიუროზე ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას”,-აღნიშნა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს წარსდგება.

banner
წინა სტატიაშიკორპუსის მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძემ ჯერ-ჯერობით არ იცის დაეწრება თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას