პრეზიდენტმა შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილი და და-ძმა ყარალაშვილები ღირსების მედლით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 5 დეკემბერს საქართველოში მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ამ მიზნით გამოვლენილი მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა “ცოდნის კაფეს” თანაშემქმნელები და მოხალისეები დავით ბერიაშვილი და და-ძმა გიორგი და სოფი ყარალაშვილები. ისინი აგვისტოში შოვის ტრაგედიას ემსხვერპლნენ.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა, სადაც ხელმოწერების ევროპული კამპანიის “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა მოხალისეებს უმასპინძლა.

“ნებაყოფლობითი მოხალისეობა ეს არის პირველ რიგში მოქალაქეობის ნამდვილი გამოვლენა. საზოგადოება, ქვეყანა ეყრდნობა პირად ინიციატივას. ეს ნიშნავს ამავე დროს პასუხისმგებლობის შეგრძნებას, რომ ჩვენ ყველანი ვართ ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის წინაშე ერთნაირად პასუხისმგებელი. ყველას გვაქვს ის წვლილი შესატანი, რასაც ჰქვია მოხალისეობა.

თქვენ წარმოადგენთ ამ დიდ ძალას, რომელსაც ვერავინ შეაკავებს. თქვენ ხართ ევროპა, იმიტომ რომ ევროპა ესაა თავისუფალი გაგება იმისა თუ რა სჭირდება თქვენს ირგვლივ საზოგადოებას თუ ქვეყანას”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტმა, ასევე ისაუბრა უკრაინაში მებრძოლ ქართველებზეც და თქვა, რომ ისინი “ქართულ ღირსებას წარმოადგენენ”.

“მოხალისეები არიან ქართველი მეომრები, რომლებიც დღეს იბრძვიან უკრაინაში. ისინი მათი თავისუფალი, ნებაყოფლობითი არჩევანით წარმოადგენენ ქართულ ღირსებას. მინდა პატივი მივაგოთ იმ ბიჭებს, ვინც შესწირა თავიანთი სიცოცხლე და ჩვენთვის ძალიან ღირებული არიან. მოხალისეები იყვნენ ის ახალგაზრდები, რომლებმაც 13 ივნისს სტიქიის წინააღმდეგ იბრძოლეს და ქალაქისთვის მაგალითის მიცემა შეძლეს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: ქართველი მეომრები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, ქართულ ღირსებას წარმოადგენენ
შემდეგი სტატიააშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციების სიაში შეიყვანა რუსეთისა და და ბელარუსის 13 ფიზიკური პირი და 20 კომპანია