“პრეზიდენტმა მაკრონისა და მერკელის შემდეგ ჩემთვისაც მოიცალა” – ნატო ჩხეიძე სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა პარლამენტის წევრის ნატო ჩხეიძის განცხადებას, რომელშიც ამ უკანასკნელმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა ქალისთვის მძიმე ტვირთად მოიხსენია.

“მივესალმები მნიშვნელოვან პოსტებზე ქალების დანიშვნას, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამხელა მთავრობაში, ისეთი რთული სამინისტროს განპირობება ქალზე, როგორიც ინფრასტრუქტურის სამინისტროა, მეტისმეტად მძიმე ტვირთია ქალისთვის და ვგულშემატკივრობთ კიდეც, როგორც ქალს ამ მძიმე ტვირთის ზიდვაში”, – მიმართა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

“ქალისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთი“??? მეც ლიბერალის არ იყოს მგონია, რომ ეს არ არის მიზანშეწონილი განცხადება და შეიძლება ქალის შესაძლებლობების დამცირებად აღქმული იყოს . ამ დროს მაია ცქიტიშვილი ერთ-ერთი ძლიერი მინისტრია და კარგადაც უმკლავდება ამ თავის “მძიმე ტვირთს”- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

“თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ ნატო ჩხეიძის სტატუსს, რომელსაც იგი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს: „სერიიდან:
ის, რაც ხდება

ჩვენმა პირველმა ქალმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონისა და ანგელა მერკელის შემდგომ ჩემთვისაც მოიცალა და ჩემს სტატუსს , ” გონების უმწიფრობა თუ გამიზნული შარი” მსწრაფლ გამოეხმაურა
და “ქალი” და “ტვირთი” ერთად როგორ შეიძლება ითქვას , “ლიბერალისა” არ იყოს, ეს ქალის დამცირებად აღიქმებაო, ბრძანა.
“ ქალისა” და “ ტვირთის” ერთად ხსენებამ რომ “ლიბერალს” სექსიზმი გაახსენა, არ გამკვირვებია, მაგრამ ჩვენს პრეზიდენტს, მეგონა, რომ მიხეილ ჯავახიშვილი მაინც მოაგონდებოდა…( მისი რომანი “ ქალის ტვირთი”)
მწარედ მოვტყუვდი.
ჯერჯერობით სულ ეს ორი, “ლიბერალი” და ქ- ნი სალომე ზურაბიშვილია ჩემგან სექსისტის გამომძერწავი.
“ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო”, , ხომ ვიცით და “ ლიბერალს” რომ ვერაფერი გაუგია ან თავის გამორჩენისთვის გაუგია, არ მიკვირს, მაგრამ ჩვენს პრეზიდენტს, თანაც პირველ ქალ პრეზიდენტს რა რჯიდა, ერთი ეს ამომახსნევინა , მეტი არაფერი მინდა“, – წერს ნატო ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაშისვანეთის მოსახლეობა მესტიის სოფელ იელში ოქროს საწარმოო წესით მოპოვებას აპროტესტებს
შემდეგი სტატიარუსეთის შესაძლო ინტერესები „თიბისისა“ და ანაკლიის პორტისადმი